„მე-9 არხის“ დირექტორი კახა ბექაური კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას კომპანია „სტერეო +“ „მე-9 არხისთვის“ საეთერო სიხშირის გავრცელების გამო 5 ათასი ლარით დააჯარიმას და „მე-9 არხისთვის“ საეთერო სიხშირის 14.00 საათამდე გათიშვის გადაწყვეტილებას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უკანონო გადაწყვეტილებად აფასებს.
„ეს მარეგულირებლის აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილებაა. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას „სტერეო+“-ისთვის „მეცხრე არხის“ გათიშვის მოთხოვნის უფლება არ აქვს“, - განაცხადა ბექაურმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს 12 საათზე „მე-9 არხის“ დირექტორი, კახა ბექაური და „სტერეო +“ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ცნობისთვის, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გუშინ საღამოს, 5-საათიანი მსჯელობის შემდეგ კომპანია „სტერეო +“ „მე-9 არხისთვის“ საეთერო სიხშირის გავრცელების გამო 5 ათასი ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.
კომისიის გადაწყვეტილებით, „მე-9 არხისთვის“ საეთერო სიხშირის გათიშვა დღეს, 14.00 საათამდე უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „სტერეო +“-ის სიგნალი „ალფა კომის“ მიერ მთლიანად გაითიშება.
კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კახი ყურაშვილის განცხადებით, „სტერეო +“-ს რადიოსიგნალის მაუწყებლობის ლიცენზია აქვს და „მე-9 არხს“ საეთერო მაუწყებლობით ემსახურებოდა, რაც კანონდარღვევაა იქიდან გამომდინარე, რომ ლიცენზია F13, რომელსაც „სტერეო +“ ფლობდა, ითვალისწინებს მხოლოდ რადიოხაზით მომსახურებას.