პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, 2013 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის მანდატი იწურება და ის ხელისუფლებას იმ კანდიდატს გადააბარებს, რომელსაც ქართველი ხალხი დაუჭერს მხარს.
„ხელისუფლების გადაბარება მესმის ისე, როგორც ეს ქალბატონმა კლინტონმა თქვა. ნებისმიერი არჩევნები არის ხელისუფლების გადაბარება იმ ძალის ან იმ პიროვნების მიმართ, ვისაც იმ მომენტში ამომრჩეველი აირჩევს. 2013 წელს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების გადაბარება მოხდება იმ ადამიანის ან იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან მარტივი და გასაგებია და ამ თემაზე ზედმეტი სპეკულაციები არ მესმის. თუკი ვინმეს უნდა თავი მოიტყუოს, კი ბატონო, მოიტყუოს და ჩათვალოს, რომ ეს ვიღაცის სასარგებლოდ გაკეთებული სიგნალი იყო, მაგრამ თუ რეალურად შევხედავთ, ყველაფერი ძალიან მარტივია: ნებისმიერ არჩევნებში ხდება ხალხის ნების გამოხატვა, ნებისმიერ არჩევნებში ხდება ხელისუფლების გადაბარება იმ ძალისთვის, ვისაც იმ მომენტში ხალხი და ამომრჩეველი მხარს უჭერს. ეს შეიძლება იყოს იგივე ძალა, ეს შეიძლება იყოს სხვა ძალა ან ნებისმიერი კონფიგურაცია სხვადასხვა ძალების“ - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ხელისუფლების გადაბარება მანდატის განახლებას, ბაქრაძემ განმარტა, რომ 2013 წელს ხელისუფლების გადაბარება მანდატის განახლება ნამდვილად ვერ იქნება, რადგან „2013 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის მანდატი იწურება და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას იმ კანდიდატს გადააბარებს, რომელსაც ქართველი ხალხი დაუჭერს მხარს“.