პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მმართველი გუნდისათვის მთავარი ქვეყნის აშენებაა და არა საკუთარი კარიერის მოწყობა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ბაქრაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პასუხგაუცემელ კითხვას გამოეხმაურა, რომელიც სააკაშვილის შესაძლო პრემიერ-მინისტრობას უკავშირდებოდა.
დავით ბაქრაძის თქმით, მასაც იმავეს გამეორება შეუძლია, რაც სააკაშვილმა შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
"შემიძლია, ის გავიმეორო, რაც პრეზიდენტმა თქვა, რადგან ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი ამ ქვეყანაში არის ქვეყნისა და ინსტიტუტების აშენება. ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი, პიროვნულად ვინ სად ვიქნებით, მით უმეტეს, რამდენიმეწლიანი პერსპექტივის შექმდეგ. ეს არის საკითხი, რომელიც მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სრული ერთიანობა მთავარ საკითხზე, რომ ჩვენი ამოცანაა ამ ქვეყნის აშენება და არა ამ ქვეყანაში საკუთარი კარიერისა და მომავლის შენება. ვინ სად ვიქნებით 2-3 წლის შემდეგ - მე, პრეზიდენტი ან ჩვენი გუნდის სხვა წევრი - ეს ჩემთვის პირადად მეხუთეხარისხოვანია. მთავარია, გავაკეთოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ“, -- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ „როიტერის“ ჟურნალისტმა პრეზიდენტისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ერთობლივ ბრიფინგზე სააკაშვილს პრემიერმინისტრობასთან დაკავშირებული შეკითხვა დაუსვა. ამის პასუხად სააკაშვილმა პარლამენტის ქუთაისში და სხვადასხვა უწყების რეგიონებში გადატანაზე ისაუბრა.