ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას აფხაზი და ოსი ხალხისთვის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების გადაცემის შესახებ, ამერიკის მხრიდან დიდ მხარდაჭერად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ არც აფხაზები და არც ოსები ამ წინადადებას არ მიიღებენ.
„ამერიკის მხრიდან ეს მართლაც დიდი მხარდაჭერაა, მადლობის მეტი მართლაც არაფერი არ გვეთქმის, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ოსებს და აფხაზებს მოლაპარაკების და კარნახის ენით ვერაფერს მიაღებინებ. ეს არ არის ამერიკული პროექტი, ეს ქართული პროექტია და აფხაზებმაც და ოსებმაც ეს კარგად იციან, ამიტომ რამდენად კარგიც არ უნდა იყოს ამერიკელების მხარდაჭერა, ეს პროექტი ვერ იმუშავებს. ვერ იმუშავებს იმიტომ, რომ აფხაზების და ოსების აზრით, ეს ღირსების შენარჩუნების საკითხია, რადგან მათ სისხლი დაღვარეს იმიტომ, რომ კავკასიაში ანგარიშგასაწევი ძალა გამხდარიყვნენ.
კარგი იქნებოდა ქართულ მხარეს ჯერ ეს აფხაზურ და ოსურ მხარესთან შეეთანხმებინა და შემდეგ მიეწოდებინა ამერიკისთვის ეს პროექტი. რაც შეეხება იმის შიშს, რომ ამერიკა ირიბად აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას , გამორიცხულია. ეს არის იმის აღიარება, რომ ამერიკა პირდაპირ უჭერს მხარს საქართველოს ნებისმიერ წინადადებას აფხაზეთთან და ოსებთან მიმართებაში“,-აცხადებს ზაქარეიშვილი.