„საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის“ პრეზიდენტი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მნიშვნელოვნად აფასებს.
ჩიტაძის განცხადებით, ყურადსაღებია განცხადება, რომელიც კლინტონმა რუსეთთან მიმართებაში გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ ამერიკის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით უცვლელია მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში გადატვირთვის პოლიტიკა კვლავ გრძელდება.
„მნიშვნელოვანი იყო განცხადებები, რაც სხვადასხვა მიმართულებით გაკეთდა. მათ შორის, ის რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ორი ისტორიული რეგიონიდან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ ამერიკის პოზიცია არის უცვლელი მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში გადატვირთვის პოლიტიკა კვლავ გრძელდება. ასევე მნიშვნელოვანია განცხადება, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობასთან დაკავშირებით ცვლილებები, რომ მათ გარკვეულწილად, უნდა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლება გაემგზავრონ აშშ-ში“, - განაცხადა ჩიტაძემ.
ჩიტაძემ აქცენტი ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და არჩევნებზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ამერიკა დაინტერესებულია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით და რომ კლინტონის განცხადება, არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საზოგადოებამ, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე აიღოს და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებით დაინტერესდნენ.
რაც შეეხება, სახელმწიფო მინისტრის საქართველოში ჩამოსვლამდე მის წინასწარ პროგნოზს, რომ „შესაძლოა, კლინტონის ვიზიტის შემდეგ, ამერიკამ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს“ რა აძლევს ამის თქმის საფუძველს და მოისმინა თუ არა სახელმწიფო მდივნისგან მსგავსი შინაარსის განცხადება ჩიტაძის თქმით, ყოველშემთხვევაში, თვითონ ფაქტია, რომ აშშ გამოხატავს თავის მზადყოფნას ითანამშრომლოს საქართველოსთან არამხოლოდ განცხადებების საფუძველზე არამედ, მის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს პრაქტიკულადაც.
„ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა კლინტონის ფაქტი უნდა გაითვალისწინოს, რომ აშშ-ს გააჩნია საკუთარი ინტერესები სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომ აშშ არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და აქედან გამომდინარე, რუსეთი უნდა დაფიქრდეს და ხელი უნდა აიღოს სხვადასხვა განზრახვაზე“, - განაცხადა ჩიტაძემ.