პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, აშშ–ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს გულწრფელად აინტერესებს არჩევნების ჩატარების და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის საკითხი.
აღნიშნული განცხადება დარჩიაშვილმა დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა.
დავით დარჩიაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ვიზიტის მნიშვნელობაზე და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ზოგადი სხდომის შესახებ ისაუბრა.
„საშინაო პოლიტიკის საფუძველზე საგარეო პოლიტიკა კეთდება. საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკას უწყობს ხელს. ეს, აქსიომაა. ჰილარი კლინტონის დღევანდელი ვიზიტი მეტყველებს, რომ საშინაო პოლიტიკაში, როგორც უსაფრთხოების ინსტიტუტების მშენებლობის, ასევე ეკონომიკური განვითარების, სოციალური სფეროსა და დემოკრატიული განვითარების კუთხით წარმატებები, რომ არ ყოფილიყო, ჰილარი კლინტონის ვიზიტი არ იქნებოდა და ის ამ განცხადებებს არ გააკეთებდა. მას, რა თქმა უნდა, გულწრფელად აინტერესებს არჩევნების ჩატარება და ის, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერი იყოს. ასევე, სასამართლოს მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაიზარდოს“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისივე განცხადებით, ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ საქართველო პოსტსაბჭოურ ქვეყნებში რეფორმების განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვის მოწინავე ქვეყანაა.
მისივე თქმით, ცოტა ხანში შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი განცხადებას გააკეთებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის საქართველოს აშშ-სგან რა დახმარება ექნება.
დარჩიაშვილის შეფასებით, ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის შეხვედრაზე მიღწეული გადაწყვეტილების გაგრძელებაა ის, რომ საქართველო შერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით სვლას გააგრძელებს.