ბაღათურია – აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის ადგილად იქცა

ბაღათურია – აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის ადგილად იქცა

„ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას ინფორმაციით, აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის ადგილად იქცა.
აღნიშნული განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
ბაღათურია ამ საქმეში თურქეთის მოქალაქეების მონაწილეობაზე საუბრობს და შსს–ს რეაგირებისკენ მოუწოდა. ბაღათურიას თქმით, აჭარაში შუა აზიის ქვეყნებიდან ახალგაზრდა გოგონები ჩაჰყავთ, რომელთა შორის არასრულწოვანებიც არიან.
ბაღათურიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას არ ახდენს, არადა, შეუძლებელია შსს–სა და ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე ასეთი პროცესი მიმდინარეობდეს.
„ტრეფიკინგის მსხვერპლი 16 წლამდე ბავშვებია, მათ შორის არიან უზბეკი და ტაჯიკი არასრულწლოვნები“, – აღნიშნა ბაღათურიამ.
პარლამენტის ბიუროზე „ქართული დასის“ ლიდერმა კიდევ ერთ საკითხზე ისაუბრა. ბაღათურიას თქმით, თურქეთში რუკები იბეჭდება, სადაც საქართველოს ტერიტორია რიკოთამდე თურქეთის შემადგენლობაშია შეყვანილი. ამ რუკას დეპუტატი ხვალ პარლამენტის პლენერულ სხდომაზე წარადგენს. ბაღათურიას ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. მან ოპოზიციონერ დეპუტატს შეახსენა, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიებზე პრეტენზია აქვს, არის რუსეთი.
რაც შეეხება ტრეფიკინგის თაობაზე გაჟღერებულ ინფორმაციას, ბაქრაძემ ბაღათურიას მასალების მიწოდება სთხოვა და დაჰპირდა, რომ მას შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად გადასცემს.