პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ - ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილისთვის უცნობია შეხვდება თუ არა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.
სესიაშვილის განცხადებით, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ისე აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისთვის, რადგან კლინტონი, საქართველოში არსებულ რეალობაზე ზუსტ ინფორმაციას მიიღებს.
სესიაშვილს მიაჩნია, რომ აუცილებელია ჰილარი კლინტონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის აზრთა გაცვლა - გამოცვლა მოხდეს.
„მოცემულობა ასეთია, რომ რეალურად დღესდღეობით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ამიტომ ცხადია, ამ შეხვედრით თავად შეერთებული შტატები უნდა იყოს დაინტერესებული“, - განაცხადა სესიაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი საქართველოში დღეს ჩამოვა, ოფიციალურ შეხვედრებს კი, ხვალ დილიდან დაიწყებს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერ- მინისტრთან, ნიკა გილაურთან ერთად, საქართველო აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში სხდომას გამართავს, შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან პირისპირ შეხვედრის სურვილი გამოთქვა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა საელჩოს განცხადებით, ცალკეულ ლიდერებთან პირისპირ შეხვედრა დაგეგმილი არ არის და ვიზიტის დროს ის ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.