კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის ქართულ მხარესთან პირობების წაყენების შემდეგ, კიდევ უფრო გაუცხოებისკენ გადაიდგა ნაბიჯები.
„აქამდე ძირითადად ქართული მხარე აცხადებდა, რომ ოსურ მხარესთან არანაირი კავშირი არ იქნება და არ დაველაპარაკებითო. დავით სანაკოევის განცხადება რაღაც ახალია, ყოველშემთხვევაში, მან ქართულ მხარეს პოზიციები გაუმყარა. აქამდე თუ გაუცხოება იყო ქართულ და ოსურ მხარეებს შორის, ამჯერად ეს გაუცხოება კიდევ უფრო გამძაფრდა. თუმცა, რა მკვდარი სიტუაციაც იყო, იგივე მკვდარი სიტუაცია დარჩება“,-აღნიშნა კონფლიქტოლოგმა.
რაც შეეხება დავით სანაკოევის კიდევ ერთ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს რამდენიმე სახელმწიფოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით, პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ წვრილი ქვეყნების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მხოლოდ რაოდენობრივ გავლენას მოახდენს პროცესებზე.
„რამდენიმე ქვეყანასთან, ძირითადად, წყნარი ოკეანის რამდენიმე სახელმწიფოსთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არ არის გამორიცხული რომ კიდევ ორმა-სამმა სახელმწიფომ აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მე ვაცხადებდი კიდევაც, რომ მათმა რიცხვმა შეიძლება შვიდ-რვას მიაღწიოს. ზოგიერთ მათგანს რუსეთი იარაღს იაფად მიჰყიდის ან აჩუქებს, თუმცა, ეს არ არის მძიმე შედეგი. მძიმე შედეგი უკვე მოხდა, როდესაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
წვრილმანი ქვეყნები თუ აღიარებენ, რა თქმა უნდა კარგი არაა, თუმცა ეს მხოლოდ რაოდენობრივ გავლენას ახდებს პროცესებზე და მეტს არაფერს. ტაივანი, მაგალითად 64-მა ქვეყანამ აღიარა, თუმცა გაერო-ს წევრი დღემდე არ გახლავთ, ასევე კოსოვოს აღიარებასაც 50-მდე ქვეყანამ დაუჭირა მხარი, თუმცა არაფერი შეცვლილა. თუ სერბეთმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა,მაშინ შესაძლებელია რუსეთმა დასვას კითხვა: აღიარეთ აფხაზეთი, მე კოსოვოს ვაღიარებ და ამით შეუშვას კოსოვო გაეროში. თუ საერთაშორისო დონეზე მოხდება რაღაც ახალის გათამაშება, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი აფხაზეთთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წვრილი ქვეყნების აღიარება ბევრს ვერაფერს შეცვლის“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.