Freedom House აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს 4–6 ივნისს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტის დროს პირად შეხვედრებსა და საჯარო განცხადებებში „კავკასიის რეგიონში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით არსებული ნაკლოვანებები მთავარ თემად ქცევისკენ მოუწოდებს. Freedom House–ის პრეზიდენტის, დევიდ კრამერის თქმით, დემოკრატიულად ანგარიშვალდებული სისტემების წახალისება და მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია“.Freedom House–ის პრეზიდენტის, დევიდ კრამერის განცხადებით, საქართველო უზრუნველყოფს ზოგიერთ, თუმცა არა ყველა ინსტიტუციურ გარანტიას და თუ სწორი ნაბიჯები იქნება გადადგმული, უფრო მეტი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების იმედსაც იძლევა.
დევიდ კრამერის განცხადებითვე, საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს სამოქალაქო უფრო ეფექტური და მომწიფებული პოლიტიკური პლატფორმების გასავითარებლად საზოგადოებისთვის გამოცდა იქნება.
საქართველოს მაჩვენებლები Freedom House–ის ყოველწლიურ ანგარიშში „თავისუფლება მსოფლიოში 2012 წელს“ უცვლელი დარჩა და ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიას არის მიკუთვნებული. მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ბოლო კვლევაში საქართველოს რეიტინგი ზედიზედ მესამე წელია გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიაში რჩება.
Freedom House სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, რომ განსაკუთრებულად რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებით კი, აზერბაიჯანსა და სომხეთში ყურადღება ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიასთან დაკავშირებულ წუხილებზე გამახვილდეს.
აზერბაიჯანის შემთხვევაში, Freedom House მოუწოდებს აშშ–ის სახელმწიფო მდივანს პოლიტიკური აქტივისტების დევნისა და მათი დაპატიმრების, ასევე ანტისახელისუფლებო აქციების დაშლის დროს ძალის გამოყენების და პრესის თავისუფლების საკითხები დააყენოს. სომხეთთან დაკავშირებით, Freedom House–მა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში რეფორმები შეფერხდა „პოლიტიკასა და ბიზნესს შორის ღრმა ურთიერთობის გამო, რაც ზღუდავს ანგარიშვალდებულების და გამჭირვალობის გაუმჯობესებას“.
ცნობისთვის, საქართველოს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და უფლებადამცველმა ჯგუფებმა, რომლებმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით თებერვლიდან კამპანია „ეს შენ გეხება“ წამოიწყეს, ასევე მოუწოდეს აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი დააყენოს ხელისუფლებასთან შეხვედრაზე.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს ბათუმში. იგი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა, ხოლო 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება.