საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაინდრავა პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, აიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღებას უკანონობად აფასებს და აცხადებს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ქმედებას კანონთან, წესთან და კონსტიტუციასთან არანაირი საერთო არ აქვთ.
ხაინდრავას განცხადებით, კონტროლის პალატა და ფინანსური მონიტორინგის სამსახური დანაშაულებრივ, ტერორისტულ ორგანიზაციად მოგვევლინა, რომელსაც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტერორისტი ადეიშვილი ხელმძღვანელობს.
„მთელი მათი ქმედება უკანონოა და მათი პასუხიმგებლობის საკითხი ძალიან მალე სერიოზულად დადგება. ისინი არამხოლოდ აჭარბებენ თავიანთ უფლებას და მოვალეობის შესრულებას არამედ, პირდაპირ კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან. ეს ჩვეულებრივი ძარცვაა, ამის მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს და ნამდვილად მათ ქმედებას მიესადაგება. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ქომაგ ორს დააყადაღებენ, ქომაგი სამი გაჩნდება, ქომაგ სამს დააყადაღებენ, ქომაგი ოთხი გაჩნდება, მაგრამ საქართველოს ყველა ქომაგს კონტროლის პალატა ვერ დააყადაღებს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ“, - განაცხადა ხაინდრავამ.
ხაინდრავას განცხადებითვე, 27 მაისმა აჩვენა, რომ მთელი საქართველოს დაყადაღება არ გამოუვათ.
„ეს რეჟიმის აგონიაა, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და კრიმინალური ხელისუფლების სრული კრახი და დეგრადაცია მიმდინარეობს. არანაირი გონიერება, არანაირი კანონიერება და არანაირი ღირსება ამ ხელისუფლებას აღარ დარჩა“, - განაცხადა ხაინდრავამ.