კანის კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კინობაზრობაზე Marche du Film ეროვნული კინოცენტრი წელს მეხუთედ წარდგა საქართველოს პავილიონით. პავილიონში ინდუსტრიული კუთხით მუშაობდნენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - თამარ ტატიშვილი და სხვა წარმომადგენლები: სალომე სეფაშვილი, დავით ვაშაძე და ქეთი დანელია.
პავილიონში წარმოდგენილი იყო ბოლო პერიოდში წარმოებული ფილმების შესახებ ინფორმაცია კატალოგებისა და ტრეილერების სახით. საქართველოში კინოგადაღებებით დაინტერესებული სტუმრებისთვის კი წარმოდგენილი იყო დისკი - კინოს გზამკვლევი. საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იყო ახალი ქართული სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმები.
წელს კანის ფესტივალზე ქართველი კინემატოგრაფისტები მონაწილებდნენ ბაზრობის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ინდუსტრიულ სექციაში.
ლევან კოღუაშვილი, ზურა მაღალაშვილი, რუსუდან გლურჯიძე და თინათინ ყაჯრიშვილი მონაწილეობდნენ კინობაზრობის ფარგლებში პროგრამა Producers Network-ში. ლევან კოღუაშვილმა ინდუსტრიულ სექციაში წარმოადგინა მხატვრული ფილმის ახალ პროექტი: „მელოტი ბიჭები“; თინათინ ყაჯრიშვილმა კი მისი ახალი პროექტი - „პატარძლები“. ზურა მაღალაშვილი და რუსუდან გლურჯიძე Producers Network -ში წარდგნენ პროექტით „სხვისი სახლი“. მათ ასევე გამართეს შეხვედრები ესპნელ და ფრანგ კოპროდიუსერებთან, სხვადასხვა ფესტივალთან და დისტრიბუტორთან ბოლოს გადაღებული ქართულ-ესპანურ-რუსულ-ფრანგული კოპროდუქციის „ჩაიკას“ თემაზე.
European Film Promotion-ის და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, წელს პირველად, კანის ფესტივალზე, პროდიუსერთა პროგრამაში PRODUCERS ON THE MOVE ნომინირებული იყო ქართველი პროდიუსერი - ვლადიმერ კაჭარავა კინოპროექტით: „ოცი ნაბიჯი მიწის ქვეშ“.
18 მაისს საქართველოს პავილიონში გაიმართება მიღება (Happy Hour) უცხოელი სტუმრებისთვის საქართველოს და ქართული კინოს პოპულარიზაციის მიზნით. საქართველოს პავილიონში გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ ესტონეთის, ხორვატიის, ლიტვის, სლოვაკეთის კინოცენტრების წარმომადგენლები, ევროპელი პროდისერები, კინოფესტივალებისა და კო-პროდუქციის ფორუმების წარმომადგენლები.
კანის კინობაზრობის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრის მიერ განხორციელებული შეხვედრების შედეგეგად კიდევ უფრო გამყარდა კონტაქტები ისეთ საერთაშორისო ფესტივალებთან, როგორებიც არის ბერლინის, ლოკარნოს, ვენეციის, მონრეალის, სარაევოს კინოფესტივალები.
საფრანგეთის კინოცენტრის პრეზიდენტს - ერიკ გარანდოსა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორს - თამარ ტატიშვილს შორის შეხვედრის შედეგად შედგა შეთანხმება განახლდეს სახლემწიფოთაშორისო ხელშეკრულება საფრანგეთსა და საქართველოს შორის კინემატოგრაფიული კოპროდუქციაზე. ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე.
ასევე შედგა მოლაპარაკებები ევროპული კინოაკადემიის ხელმძღვანელობასთან იმის შესახებ, რომ მომავალ წელს აკადემიის მმართველი საბჭო საქართველოში ჩატარდეს.
უკრაინის კინოფონდის დირექტორთან შეხვედრის შედეგად გამყარდა ქართული პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა უკრაინის კინოფონდიდან.
აჭარაში რეგიონალური კინოფონდის გაძლიერების მიზნით, გაიმართა შეხვედრები უცხოელ პარტნიორებთან, რომლებიც ჩაერთვებიან აჭარაში რეგიონალური ფონდის განვითარების მიზნით დაგეგმილ საქმიანობებში.
შედგა სამუშაო შეხვედრები EAVE-ს სწავლების ხელმძღვანელთან და რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლებთან საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმარების მიზნით.
უცხოელ პროდიუსრებთან შეხვედრის შედეგად მოხდა მათი დაინტერესება საქართველოში გადაღებების წარმოების მიზნით. ამ მხრივ აღასანიშნავია, რომ წლიდან წლამდე საქართველოში კინოწარმოებით დაინტერესებულ კინოსაპროდიუსერო კომპანიათა რიცხვი იზრდება. გამოიკვეთა რამდენიმე პროექტი, რომლის განხორციელება იგეგმება საქართველოში 2013/2014 წლებში.
სლოვაკეთისკინოცენტრის წარმომადგენელთან შეხვედრის შედეგად დაიგეგმა ქ. ბრატისლავაში ქართული კინოს კვირეულის მოწყობის დეტალები.
კანის ფესტივალის კრიტიკოსთა კვირეულის ხელმძღვანელთან - რემი ბონომთან შეხვედრის შედეგად კი გადაწყდა თბილისში ამ პროგრამის - კრიტიკოსთა კვირეულის ჩატარება და დაზუსტდა დეტალები. კვირეული რომელიც მოიცავს ფილმების ჩვენებებს და მასტერკლასებს თბილისში სექტემბერში გაიმართება.