კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, ადვოკატ არჩილ კბილაშვილის შეფასებით, კონტროლის პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ მონიტორინგის ჩატარების თაობაზე, 27 მაისის ღონისძიებაზე კონტროლის პალატისა და ხელისუფლების ბუნებრივი რეაქცია იყო. ამის შესახებ კბილაშვილმა from.ge სთან საუბარში აღნიშნა.
ადვოკატის თქმით, ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს კოალიციის პოლიტიკური საქმიანობის აღკვეთას.
„ამ მონიტორინგის რეალური მიზანი ის არის, რომ არ მოხდეს ავტომანქანებით გადაადგილება, მისი ტექნიკურად აღჭურვა, არ გამართოს კოალიციამ სხვადასხვა ღონისძიებები და ა.შ. მათ შორის 7 ივნისს, ქუთაისში დაგეგმილი აქცია. ამით კი პოლიტიკური აქტივობის არეალისა და ფარგლების შემცირებას აპირებს“, - განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე მოსალოდნელიც კი იყო ამ მონიტორინგის დაწყება.
ცნობისთვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების შპს „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ მონიტორინგის განხორციელება დაიწყო. კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საკითხის შესწავლა საფინანსო დეკლარაციაში ფაქტობრივ ხარჯებთან შესაბამისობის თვალსაზრისით არსებული აუდიტორული რისკებით არის განპირობებული.