ახალი მემარჯვენეების ყოფილი წევრი, ამჟამად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით საგანელიძე შესაძლებელია თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ამის შესახებ საგანელიძემ დღეს, presage.tv ის პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც საგანელიძე აცხადებს, ეს ჯერჯერობით კულუარული ინფორმაციაა, ამიტომ საიდან ან ვისგან გაიგო ამის შესახებ, ჯერჯერობით არ ასახელებს. თუმცა აცხადებს, რომ ეს საკრებულოს წევრებისგან რამდენიმე დღის წინ შეიტყო.
რაც შეეხება გათავისუფლების მიზეზებს, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია მისი „ქართული ოცნებისთვის“ შეერთების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მიღებულიყო.
„მე მაქვს ინფორმაცია საკრებულოს წევრებისგან, რომ გადაწყვეტილება ჩემი გათავისუფლების შესახებ უკვე მიღებულია. მიზეზი არავის არ დაუკონკრეტებია, თუმცა ბუნებრივია ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ „ქართულ ოცნებაში“ შესვლის შესახებ განვაცხადე. ეს ზოგადი ინფორმაციაა, როცა დეტალურად მეცოდინება ჩემს გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ“, - განაცხადა საგანელიძემ.
საგანელიძის თქმითვე, თუ კი კოალიციის წევრი გახდება, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შემოდგმაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქვეყანაში მნიშვნელოვანი და ძირეული ცვლილებები მოხდეს“.
მისივე განცხადებით, თავიდანვე თანამდებობაზე დანიშვნა მარტივი ფაქტით იყო განპირობებული - საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც უმრავლების წევრია, მოადგილედ 2 ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს.
„ამათგან ერთ ერთი ჯაბა სამუშია არის, მეორე კი ზურა აბაშიძე იყო, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გაათავისუფლეს, მის ადგილას კი საკრებულოს წევრებმა მე ამირჩიეს. ამისათვის დიდი მადლობა მათ, თუმცა როცა ისინი დადგებიან არჩევანის წინაშე, იძულებულები იქნებიან ხელი ჩემს გათავისუფლებაზეც აწიონ. მე ვფიქრობ, რომ საკრებულოში ძალიან ბევრი კარგი ადამიანია, მაგრამ ისინი ძალიან ცუდ გზაზე დგანან, ამიტომ ვისურვებდი გადახედონ თავიანთ პოზიციებს“, - აღნიშნა საგანელიძემ.
რაც შეეხება ოფიციალურ მიზეზს, მისი სავარაუდო გათავისუფლების შესახებ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, არ იცის ოფიციალურ მიზეზად რა შეიძლება დასახელდეს.
„თუმცა ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ვერც უბრალოდ მოქალაქე და ვერც საკრებულოს ვერცერთი წევრი. ეს პარტიის ზედა რიგებში მიიღეს“, - დასძინა საგანელიძემ.