„დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ აქციას, რომელიც იუსიტიციის სამინისტროსთან გაიმართა, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე შეუერთდა. როგორც ლორთქიფანიძემ აქციის დასრულების შემდეგ from.ge სთან საუბარში განაცხადა, დღეს ამ ჟესტით, ცენტრ პოინტის მიერ დაზარალებული ჯგუფის წინაშე სოლიდარობა გამოხატა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, მისი როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წარმომადგენლის პირდაპირი ვალდებულება იყო დღევანდელ აქციას და მათ ერთადერთ მოთხოვნას შეერთებოდა, რომელიც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითვალისწინებდა იმ პირების მიმართ, რომელთა „ხელიც მათი თანხების მითვისების საკითხში ურევია“.
„აქ 400 მილიონ ამერიკული დოლარზეა საუბარი. რომლის შედეგად 9 ათასზე მეტი ადამიანია დაზარალებული. მათ შორის აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარი ბინის ღირებულება სრულად აქვს გადახდილი და ეს თანხები აბსოლუტურად სრულად არის მითვისებული. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მის მითვისებაში მონაწილეობას ღებულობს არამარტო თვითონ „ცენტრპოინტი“, არამედ მისი შვილობილი 69 კომპანიაც“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
აქციაში მონაწილე პირებმა საჯარო რეესტრის მარეგისტრირებელი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენეს, რომელიც „ ტექნიკური ხარვეზის მომიზეზებით არ ახდენს საკუთრების უფლების რეგისტრაციას.“
„ჩვენ ასევე იმ ადამიანების პასუხიმგებლობის საკითხსაც ვაყენებთ, რომელთა უშუალო ვალდებულებაა ასეთ სამართლებრივ დარღვევაზე კონკრეტული რეაგირება მოახდინოს. რეაგირებაზე კი უარის თქმა თავისთავად თანამონაწილეობის ტოლფასია“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ ეს აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს მანამ, სანამ სრულიად არ დაკმაყოფილდება მათი კანონიერი მოთხოვნები.
„პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომლებსაც ბრალი მათ დაზარალებაში მიუძღვით“, დასძინა ლორთქიფანიძემ.