დემურ გიორხელიძე: მთავრობის სასესხო პოლიტიკა აბსოლუტურად გაუმჭირვალე და დაუდგენელია

დემურ გიორხელიძე: მთავრობის სასესხო პოლიტიკა აბსოლუტურად გაუმჭირვალე და დაუდგენელია

 

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, დემურ გიორხელიძე  გერმანიის მიერ საქართველოსთვის 57 მილიონი ევროს გამოყოფას, საიდანაც ნაწილი გრანტი, ხოლო  ნაწილი - შეღავათიანი სესხია  არცთუ სახარბიელოდ აფასებს.

გიორხელიძის განცხადებით, მთავრობის სასესხო პოლიტიკა აბსოლუტურად გაუმჭირვალე და დაუდგენელია.

„რთულია მიხვედრა იმისა, აღებული  სესხი თუ რამდენად ეფექტურად გამოიყენება, რამდენად საჭირო იყო  ამ მიზნით აღებულიყო, ხოლო თუ ამ მიზნითაა აღებული ხმარდება, თუ არა ამა თუ იმ საქმეს  ნამდვილად. ეს ის საკითხები და თემებია, რომლებზედაც კონტროლის პალატა ოფიციალური შემოწმების დონეზე უნდა დაინტერესდეს. ჩემთვისაც გაუგებარია, ისედაც კატასტროფული ვითარებაა სესხი იზრდება და უკვე  მთლიანი  შიგა პროდუქტის 80 % -ს აღწევს“, - განაცხადა გიორხელიძემ.

მისივე თქმით, სესხი არასასურველია, მაგრამ  იმაზეა  დამოკიდებული რამდენად იქნება საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული.

ამასთანავე, გიორხელიძისთვის ნაწილი თანხის ჰესების მშენებლობისთვის  ჩადება გაუგებარია, რადგან მისი თქმით, როგორც ხელისუფლება ამბობს, ეს კერძო ინვესტორის საქმეა.

„საჭიროების შემთხვევაში, თუ ეფექტურად იქნება გამოყენებული და პოლიტიკა სწორად იქნება წარმართული, ამაში  ცუდი არაფერია,  მაგრამ ჰესების მშენებლობისთვის რატომ უნდა ჩაიდოს თანხა ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ეს ხომ კერძო სექტორის საქმეა და სწორედ ის პირობებია საჭირო კერძო ინვესტორი, მსხვილი ფინანსური ჯგუფები მოვიდნენ და ის შესანიშნავი პროექტები, რომელიც არსებობს ენერგეტიკის სფეროში  გააკეთონ. ამ სესხის მიზანმიმართულებას ამ მხრივ, ნამდვილად ვერ ვხედავ“,- განაცხადა გიორხელიძემ.

ცნობისთვის, გერმანია საქართველოს 57 მილიონ ევროს გამოუყოფს, საიდანაც ნაწილი გრანტია, ნაწილი - შეღავათიანი სესხი. ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა დირკ ნიბელმა დღეს შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

გილაურის თქმით, აღნიშნული 57 მლნ. ევროდან 5 მილიონი დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება, 7 მილიონი ბათუმში სანიაღვრე და წყლის სისტემების პროექტს, 25 მილიონი ჰესების მშენებლობისა და განახლებადი ენერგიის პროგრამების ხელშეწყობას, ხოლო დარჩენილი 20 მილიონი მყარი ნარჩენების მართვის პროექტებზე დაიხარჯება.