დღეს, „ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში ფესტივალ „ოქროს პეპელას“ არასაკონკურსო ფილმების ჩვენება გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.
ფესტივალი „ოქროს პეპელა“ გუშინ საკონკურსო ფილმების ჩვენებით გაიხსნა. ის 2011 წლის პირველ ივნისს, თბილისში , „ევროპული სკოლის“ სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე დაარსდა, წელს კი საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
ფესტივალის 10 ნომინაციაში გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. ფილმები წინასწარ შერჩევიან ნომინაციებში: სცენარი, რეჟისორი, ოპერატორი, მონტაჟი, მსახიობი გოგონა, მსახიობი ვაჟი, ეპიზოდური როლი, მუსიკა, გრაფიკა და ანიმაცია.
გამარჯვებული დიპლომითა და გრან პრით დაჯილდოვდება. დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ აგრეთვე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ფილმებს.
ფესტივალის დირექცია სპეციალური პრიზებით არასაკონკურსო პროგრამაში მონაწილე ფილმებსაც აჯილდოებს.
არასაკონკურსო ფილმების ჩვენებასთან ერთად, დღეს მასტერკლასი და უორკშოპებიც გაიმართება. ფესტივალი პირველ ივნისს საზეიმოდ დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება.