„თავს ვიკავებ ვთქვა, რომ სერიოზული რღვევა ხელისუფლების შიგნით უკვე სახეზეა. ეს ასე არაა, პროცესი დაწყებულია, მაგრამ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ ეს მონსტრი ინგრევა“, - ამის შესახებ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა presage.tv(for.ge) -ის პრესკლუბში სტუმრობისას შეკითხვის „ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილისა და ცენტრის აპარატის თანამშრომლების მიმინოშვილისადმი სოლიდური დამოკიდებულება ხომ არ მიანიშნებს, რომ ხელისუფლების შიგნით რღვევაა“ პასუხად განაცხადა.
„ძალიან შორს მიმავალ დასკვნებს არ გავაკეთებ. ჯერ ძალიან ადრეა განსაკუთრებული ოპტიმიზმით ვილაპარაკოთ, რომ ხელისუფლების შიგნით რღვევაა დაწყებული. ეს ძალიან ხმამაღალი განცხადება იქნებოდა ჩემი მხრიდან, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი და ჩემი აზრით, ძალიან მძიმე და სამწუხარო შეცდომებს უშვებს საქართველოს ხელისუფლება. ამიტომაა გამოწვეული ეს მოვლენები, რომლებიც მოხდა“, - განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელის თქმით, არაჯანსაღი ვითარებაა, როდესაც ხელისუფლება ყველგან მტერს ხედავს და განსხვავებული აზრის ადამიანების წარმომადგენლებზე ნადირობა აქვს გამოცხადებული. ამასთანავე ხიდაშელი პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის განცხადებას იხსენებს, „რომ თუკი სახელმწიფო სტუქტურებში დასაქმებული ადამიანები მხარს ოპოზიციას უჭერენ და მათ მანიფესტაციებში მონაწილეობენ, ისინი სამსახურიდან უნდა გაუშვან“ და აცხადებს, რომ მისმა განცხადებამ შოკში ჩააგდო.
„ვფიქრობდი, მათ მედიასთან მაინც გაცნობიერებული ჰქონდათ დემოკრატიის ანა - ბანა, მაგრამ დაშინება იმდენად მაღალია ასეთი გამოცდილი ხალხიც კი, მსგავს შეცდომებს უშვებენ. საქართველოს ხელისუფლებამ პირველად გვითხრა ღიად, რომ ბიუროკრატია ქვეყანაში პარტიული საკუთრება უნდა იყოს, სწორება ბელადზე უნდა ჰქონდეს და ვისაც განსხვავებული აზრი აქვს არ აქვს უფლება იყოს პროფესიონალი, მუშაობდეს, ცხოვრობდეს და საერთოდ საარსებო წყარო ჰქონდეთ. ამას ისინი წლებია აკეთებენ, მაგრამ გიგი წერეთელმა გაახმოვანა ის, რასაც კულისებს მიღმა ალბათ, მუდმივად ლაპარაკობენ“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები და ქმედებები ნათლად, სრულიად ცალსახად ადასტურებს ხელისუფლების შიშსა და პანიკას.
„მონსტრში ისეთი დაბნეულობა, ზეწოლა და პანიკაა, იმდენად მაღალია შიში, რომელსაც ქმნის ერთის მხრივ, „ქართული ოცნება“ და მეორეს მხრივ, მიშა სააკაშვილის ყოველდღიური პანიკა და ისტერიული შეტევები, რომ ამ ადამიანებმა საკუთარ მოქმედებებზე და განცხადებებზე კონტროლი დაკარგეს“, - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ „არც დიმიტრი შაშკინი განიცდის ინტელექტის ნაკლებობას და არც გიგი წერეთელი“.