პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და ყოფილმა ფეხბურთელმა კახი კალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე ისაუბრა.
უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრების თანახმად, კახი კალაძეს ურეკავს უცნობი პიროვნება და კარებზე ელაპარაკება. საუბარში ნახსენებია გარკვეული ოდენობის თანხაც. შემდეგ ეს უცნობი კალაძის ყოფილ თანაგუნდელს კულისს, უკავშირდება და ესაუბრება იმაზე, რომ მან უკვე კახი კალაძეს დაურეკა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი აცხადებს, რომ საუბარი იყო ჩვეულებრივ, მარმარილოს კარებზე და ამას ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„სატელეფონი საუბარი, რაც გამოქვეყნდა ეხებოდა კარებებსა და მარმარილოს, რომელიც დამზადებული ჰქონდა იმ ადამიანს და ეს კარებები მინდოდა სასტუმროსთვის გამომეყენებინა, მაგრამ ეს გარიგება არ მოხდა. იტალიის პრესისთვის სამართალდამცავების დაინტერესება გამოიწვია სიტყვა კარებმა და ჩათვალეს, რომ რაღაც კოდირებულ საქმიანობასთან გვქონდა საქმე და ეს ასე არა“, - განაცხადა კალაძემ.
ყოფილი ფეხბურთელი მზადაა იტალიაში ჩაწყობილ თამაშებთან დაკაშირებით ჩვენება მოწმის სტატუსით მისცეს, თუმცა აცხადებს, რომ მას იტალიელი პოლიციელებისგან არანაირი წერილი არ მიუღია.
„შესაძლოა არც დამიძახონ, მაგრამ თუ დამიძახებენ ალბათ, მოწმის სტატუსით. მე მზად ვარ ამ შეხვედრისთვისაც. ვინმეს თუ უნდა, რაღაც კუდი მოაბას ამ ამბავს და ბუზი სპილოდ აქციოს ეს მისი საქმეა“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოლდა ჩაწყობილ თამაშებს და ამასთან კალაძე მედიასაშუალებებს მოუწოდებს წინასწარ მცდარ დასკვნებს ნუ გააკეთებენ და ამასთან, სიტუაციის დრამატიზირებას ნუ მოახდენენ.
შეგახსენებთ, მასმედიის საშუალებებით გარცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის პოლიციამ ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით რამდენიმე ფეხბურთელი დაკითხა და დააკავა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, სულ მალე შეიძლება დასაკითხ პიროვნებებს შორის კახი კალაძეც იყოს.