იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარ მიწისძვრას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან მძიმედ დაშავებულებიც. მიწისძვრა დღეს, დაახლოებით, დილის ცხრა საათზე მოხდა, მისმა მაგნიტუდამ 5,8 ბალი შეადგინა. რყევისგან შეშინებული ხალხი პანიკაში ჩავარდა და ქუჩაში გამოვიდა.
დაღუპულები ჩამონგრეული სახლების ნანგრევების ქვეშ დარჩნენ. სტიქიის შედეგად დაზიანდა იტალიის ჩრდილოეთში მდებარე რკინიგზის სადგურის ტერიტორია. მიწისქვეშა ბიძგები ფლორენციაში, მილანში, ტურინში, და ბოლონიაშიც ერთდროულად იგრძნობოდა.
კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა იტალიაში, ცოტა ხნის წინ, იგივე რაიონში 20 მაისს მოხდა. მისი მაგნიტუდა 5,1 ბალს შეადგენდა. მიწისძვრას მაშინ 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
იტალიაში ბოლო დროს მომხდარი მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზარალი ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე ათასი ევროთი შეაფასა. იტალიის ჩრდილოეთი სეისმურად აქტიური ზონაა და იქ ხშირია მიწისძვრები, ამიტომ ხელისუფლება და მოსახლეობა მეტნაკლებად კარგად არის მზად მის შედეგებთან გასამკლავებლად. ბოლო ძლიერი მიწისძვრა ქალაქ აკვილაში 2009 წელს მოხდა, რომელსაც დაახლოებით 300 ადამიანი შეეწირა.