პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართული აქცია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ორგანიზებულობითა და მომზადების ხარისხით გამორჩეული იყო.
ცისკარიშვილის განცხადებით, სრულიად მკაფიოდ გამოჩნდა მოქალაქეების მზაობა თავად იყვნენ განმკარგავი დედაქალაქისა, მაშინ როცა საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება იმალება და ასიათასზე მეტ აქციის მონაწილეებს ხელისუფლებისგან არანაირი დახმარების იმედი არ აქვს. ცისკარიშვილის თქმითვე, ეს მოვალეობა ამ შემთხვევაში, სწორედ რიგითმა მოქალაქეებმა იტვირთეს.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობის“ პატრული და „ნაციონალური მოძრაობის“ სასწრაფო დახმარება. ყველა ვინც არაა ამ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი, ხელისუფლებისთვის სრულიად არასაინტერესო მოქალაქეები არიან. სწორედ საპირისპირო განცდა დააუფლა „ქართული ოცნების“ ლიდერმა გუშინდელი აქციით. ის მზადაა იზრუნოს ყველაზე, ვისაც აქვს სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება, კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გზავნილებს და მოსახლეობისთვის შეპირებულ უფასო სადაზღვეო პაკეტს ცისკარიშვილის შეფასებით, რამდენი ზონარიც არ უნდა გადაიჭრას პატარ-პატარა საავადმყოფოების გახსნის ცერემონიალზე ეს ქვეყანაში ჯანდაცვის ჯანმრთელ განვითარებას არ ნიშნავს.
„კარგად ხანია, არა მხოლოდ ჯანდაცვაში არამედ, ყველა მიმართულებით დღევანდელი ხელისუფლების ძირითადი ღირებულება ფულია და არა ადამიანი. ყველაზე რევოლუციური რაც იყო ივანიშვილის გამოსვლაში, გახლავთ ის, რომ საზრუნავი იქნება ადამიანი და არა ფული. ფული ადამიანისთვის და არა ადამიანი ფულისთვის“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
პოლიტოლოგი მიჩნევს, რომ 27 მაისის აქციის დიდი წარმატება და ხალხმრავლობა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა მნიშვნელოვნად განაპირობა.
„მათ პრაქტიკულად, მოსახლეობაში საკუთარი დაუდევარი ქმედებებით და არცთუ იშვიათი დანაშაულებრივი გამოვლინებებით გაუსაძლისი ვითარება შექმნეს. მოლოდინი იმისა, რომ გამოჩნდება ძალა, რომელიც თავგასული ხელისუფლების მოთოკვას შეძლებს, ამის სრულიად ბუნებრივი სურვილი იყო და ის ასეთად რჩება, თუმცა ჩვენ მოწმე ვიქნებით, რომ თბილისი არაა გამონაკლისი. მალე გვექნება საშუალება ვნახოთ, რა ხდება სხვადასხვა კუთხეში“, - განაცხადა ცისკარიშვილმა და აქვე დასძინა, რომ არსებობს მოლოდინი, ხელისუფლება დედაქალაქის გარეთ უფრო მოტივირებული იყოს, რათა „ქართული ოცნების“ აქციას ყველანაირი უკანონობით ხელი შუეშალოს.