კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობასთან კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 3 საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
„ეს შენ გეხებამ“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა.
როგორც დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ „ეს შენ გეხებას“ წევრმა ირაკლი მელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.
მელაშვილის განმარტებით, ძალიან მძიმე მოლაპარაკება იყო და რამდენიმე პრინციპულ საკითხზე ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის.
„მედიასთან მიმართებაში არსებული პრინციპული საკითხებიდან ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სატელევიზიო სავალდებულო ტრანზიტის საკითხია, რაზეც შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომლებიც თანაბარ მედია გარემოს და მოსახლეობის ინფორმირებას უზრუნველყოფს”, - აღნიშნა მელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს ამ საკითხზე ის არგუმენტი აქვთ, რომ თითქოს არასამთავრობოები საკაბელო ტელევიზიებს ავალდებულებენ და მათ ბიზნესს ხელს უშლიან.
“ეს არასწორია, მე არ ვიცი ტელევიზია, რომელიც არ უნდა იყოს დაინტერესებული საკუთარ ეთერში რეიტინგული არხებისა და გადაცემების განთავსებით, - აღნიშნა მელაშვილმა.
ჟურნალისტებთან საუბარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობაა.
მაგალითისათვის ჩუგოშვილმა სავალდებულო ტრანზიტი დაასახელა, რომლის თანახმადაც, საკაბელოზე უნდა გავიდეს ყველა ის ტელევიზია, რომლებიც დღეს ვერ ახერხებენ მაუწუყებლობას.
საიას ინფორმაციით, მმართველი გუნდი შეუთანხმებლობის მიზეზად აღნიშნულ სფეროში გარკვეულ ბიზნესინტერესებს ასახელებს. თუმცა, ჩუგოშვილის განცხადებით, მოსახლეობას განსხვავებული ინფორმაციის მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს და გადაწყვეტილებას თავადვე მიიღებს.
ერთ–ერთი შეუთანხმებელი საკითხი თანამდებობის პირების საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას შეეხება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ვერავინ ვერ იტყვის რომ გუბერნატორი, მინისტრის მოადგილე, გამგებელი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი.
„არ შეიძლება გუბერნატორი, მინისტრის მოადგილე, გამგებელი საერთოდ გამოთიშული იყოს საარჩევნო პროცესისგან. მათ, რა თქმა უნდა, აგიტაციაში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეთ და ამ უფლებას ვერავინ ვერ შეზღუდავს“, – აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა და იქვე დასძინა, რომ მათ საბიუჯეტო სახსრების გამოყენების უფლება არ უნდა ჰქონდეთ, რაც კანონმდებლობით დღესაც აკრძალულია.
კუბლაშვილმა განმარტა, რომ ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებები გაზიარებული არ იქნება.
ერთადერთი კონკრეტული შეთანხმება რაც დღეს არასამთავრობო სექტორმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობასთან მიაღწია ის არის, რომ შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ,,ეს შენ გეხებას“ წევრებმა ,,საარჩევნო კოდექსში“, ცვლილებების პაკეტი პარლამენტში 7 მაისს შეიტანეს.