გია ყარყარაშვილი: რომან დუმბაძის მკვლელობაში  თბილისის დადანაშაულებისგან თავი შეიკავეთ

გია ყარყარაშვილი: რომან დუმბაძის მკვლელობაში თბილისის დადანაშაულებისგან თავი შეიკავეთ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი საზოგადოებას და მასმედიას რომან დუმბაძის მკვლელობაში თბილისის დადანაშაულებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ყარყარაშვილმა from.ge სთან საუბრისას განაცხადა.

ყარყარაშვილის აზრით, მას არ აქვს სრული უფლება ისაუბროს რა მოხდა, მაგრამ აქვს უფლება განაცხადოს, რომ მომხდარში თბილისის დადანაშაულება არ შეიძლება.

„მოგმართვათ და მოგიწოდებთ, რომ კომენტარებში თბილისის ბრალეულობასთან დაკავშირებით თავი შეიკავოთ“, - აცხადებს ყარყარაშვილი.

რაც შეეხება კითხვას ვის მიმართ არის  ეს მოწოდება, გია ყარყარაშვილი აცხადებს, რომ  ეს მოწოდება განსაკუთრებით ეხება მედიას.

ბოლო დღეებში  სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში, არაერთხელ  გაიჟღერა, რომ  რუსეთის პროკურატურა და  გამოძიება  დუმბაძის მკვლელობას თბილისს უკავშირებს.

ყარყარაშვილის განცხადებით ამ მკვლელობაში თბილისის  მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია.

„სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავონ ზედმეტი კომენტარებისაგან და ამ საქმეში  თბილისის რაიმე სახით დადანაშაულებისგან“, - აღნიშნავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოსკოვში მოკლეს.

გენერალი დუმბაძე საკუთარი სახლის სიახლოვეს, რუბლიოვსკაიას გზატკეცილზე მოტოციკლიდან უცნობმა პირმა დაცხრილა.

რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით 2004 წელს დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეტა მიუსაჯეს. 2008 წელს კი, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დუმბაძე ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაიცვალა, რის შემდეგაც მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

 

ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, გენერალი რომან დუმბაძე მოსკოვიდან თბილისში დღეს ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, ნათესავები, გენერალი გია ყარყარაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი დახვდნენ. დუმბაძის ცხედარს დღესვე თბილისიდან ბათუმში გადაასვენებენ, სადაც მას დაკრძალავენ.