მალე „ბონდიანას“ კიდევ ერთი ახალი სერია შეემატება. მორიგი ფილმი აგენტ 007-ზე 26 ოქტომბერს ბრიტანეთში გამოვა. მორიგი ფილმის სახელწოდებაა Skyfall და მასში მთავარ როლს უკვე მესამედ, დენიელ ქრეიგი ასრულებს. ბონდს პარტნიორობას უწევენ მსახიობები,-ხავიერ ბარდემი, ჯუდი დენჩი და რალფ ფაინსი. მესამე ფილმი მოგვითხრობს ჯეიმს ბონდის მუშაობის პირველ წლებზე. მოქმედება ფილმ Quantum of Solace-ის გაგრძელება და მისი რეჟისორია სემ მენდესი.
აქვე გაცნობებთ, რომ შოტლანდიელმა მწერალი უილიამ ბოიდი ჯეიმს ბონდის შესახებ ახალ რომანზე მუშაობს. ნაწარმოების სახელწოდებას და სიუჟეტს ჯერჯერობით არ ახმაურებენ. თუმცა ცნობილია, რომ წიგნის მოქმედება 1960 - იან წლებში განვითარდება. აგენტ 007 - ის თავგადასავალზე რომანი 2013 წელს გამოვა. სწორედ მომავალ წელს სრულდება 60 წელი მას შემდეგ, რაც ინგლისელმა მწერალმა იენ ფლემინგმა თავის ნაწარმოებში „კაზინო როიალი“ სუპერაგენტის სახე შექმნა. ბოიდმა, რომელიც ბრიტანეთის ლიტერატურული პრემიის მფლობელია, განაცხადა, რომ მის ნაწარმოებში „კლასიკური ბონდიანას“ თავგასადავლები იქნება ასახული. მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა, რომ ყველაზე პოპულარული აგენტი გასული საუკუნის 60 - იან წლებს უბრუნდება. ბოიდი მესამე მწერალია, ვინც ბოლო წლების განმავლობაში ფლემინგის შთამომავლებმა ბონდის სერიების გასაგრძელებლად მიიწვიეს. მანამდე ეს პატივი წილად ხვდათ ამერიკელ ჯეფრი დივერს, რომლის რომანი „კარტ-ბლანში“ გასულ წელს გამოვიდა. აგრეთვე, ბრიტანელ სებასტიან ფოლკსს, რომლის „ეშმაკს არ უყვარს ლოდინი“ 2008 წელს, იენ ფლემინგის 100 წლის იუბილეზე გამოიცა. „როდესაც იენ ფლემინგის ფონდმა შემომთავაზა, ჯეიმს ბონდზე რომანი დამეწერა, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. ასეთი შესაძლებლობა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ თუ მიეცემა. აგენტ 007-ზე შექმნილი ყველა ნაწარმოები წაკითხული მაქვს. მათგან ყველაზე საყვარელი კი ჩემთვის „რუსეთიდან სიყვარულითაა“ - განაცხადა ბოიდმა.