მედიასაშუალებების წარმომადგენლები პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ

მედიასაშუალებების წარმომადგენლები პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ

მედიასაშუალებების წარმომადგენლები პრეზიდენტს შეხვედრის მოთხოვნით ღია წერილს უგზავნიან, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:

 

ბატონო პრეზიდენტო!

8 წლის წინ, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდით, თქვენ დაპირდით საზოგადოებას, რომ არც ერთ კითხვას უპასუხოდ არ დატოვებდით და არ გაექცეოდით, მაშინ გვჯეროდა, რომ გულწრფელი იყავით.

თქვენი მმართველობის დასაწყისში მართლაც გაიმართა ორი შეხვედრა ჟურნალისტებთან. თქვენ მათ სიტყვა მიეცით, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაიმართებოდა. ამის შემდეგ თქვენ კიდევ ორჯერ წარსდექით ჟურნალისტების წინაშე, მაგრამ ამ შეხვედრებზე უკვე აშკარად იგრძნობოდა წინასწარი შეთანხმება მონაწილეთა შორის. ამ შეხვედრამ ნათლად დაგვანახა, რომ ხელისუფლების საქმიანობის რეალური გამჭვირვალობა და თავისუფალი ჟურნალისტური სიტყვა მხოლოდ მოჩვენებითი იყო. ამის შემდეგ კი, თითქმის შეწყვიტეთ ჟურნალისტებთან ღია შეხვედრები.

თქვენ მტკივნეულად რეაგირებთ პირდაპირ დასმულ მწვავე შეკითხვებზე. ამის დასტურია ისიც, რომ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის  გამოსვლის პასუხად თქვენ დატოვეთ დარბაზი. სულ ახლახანს კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრისტონის უნივერსიტეტში, ჩვენი თანამემამულის რამდენიმე არცთუ უწყინარმა შეკითხვამ თქვენი თავშეუკავებელი, დაუფარავი აგრესია გამოიწვია.

თქვენ დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტად თვლით თქვენს თავს და მთელი მსოფლიოს წინაშე თავს იწონებთ წარმატებული რეფორმებით. თქვენ აცხადებთ, რომ დასავლური ცივილიზაციისკენ მიგყავთ საქართველო...

სწორედ ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, უფრო სწორედ, მოვითხოვთ, რომ შეგვხვდეთ ჩვენც, იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც ბევრი შეკითხვა დაგვიგროვდა, მათ შორის, ძნელად მოსასმენიც, შეგვხვდით და გაგვეცით პასუხი.

ეს არ არის ჩვენი ახირება, ეს სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს, და ბოლოს, ეს ჩვენი სახელმწიფოს დასავლური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.

მიმართვის ინიციატორი ახლად შექმნილი მედიაორგანიზაცია „სოლიდარობაა“, რომელიც იმ პრინციპით შეიქმნა, რომ მედიაზე ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ზეწოლის დროს ერთად შეკრიბოს მედიასაშუალებები და მათი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდინოს. მასში 34 ორგანიზაციაა გაერთიანებული.

როგორც მიმართვის ერთ ერთმა ინიციატორმა, presage.tv ის  დამფუძნებელმა როზი ჯღამაიამ განაცხადა, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გამართავს პრეზიდენტი მედიასაშუალებებთან შეხვედრას, მათი მთავარი პრინციპი ჟურნალისტებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემაა.

„რა კითხვა დავსვათ და როგორი ფორმით, ეს ჩვენი უფლებაა და ამაში არ უნდა ვიყოთ შეზღუდულები. სააკაშვილმა პრინსტონის უნივერისტეტში თქვა, თითქოს მისი ოპონენტები ჟურნალისტებს მწვავე შეკითხვების დასმისთვის ფულს უხდიან. მე მას ორგანიზაციის სახელით და მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვუთხრა, რომ ამისთვის არანაირ თანხას არ ვღებულობთ. ჩვენ გვაქვს ის შეკითხვები, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვდა და რომელზეც პრეზიდენტი არ გვცემს პასუხს“ - განაცხადა როზი ჯღამაიამ.

მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვება დღეს დაიწყეს, მაგრამ განცხადებაზე თანხმობა 24 ადამიანისა და მედიის წარმომადგენელისგან უკვე არსებობს.

როგორც ინიციატორებმა აღნიშნეს, ტექსტის ხელმოწერებით დადასტურების შემდეგ იგი ოფიციალურად შევა კანცელარიაში, დარეგისტრირდება და გადაიგზავნება რეზიდენციაში.

„ჩვენთვის მთავარია გავიგოთ რამდენად არის მზად პრეზიდენტი პასუხი გასცეს მწვავე შეკითხვებს“, - განაცხადეს ინიციატორებმა.

მიმართვას ხელი ნებისმიერი მედიასაშუალების წარმომადგენელს შეუძლია მოაწეროს.