სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, ხვალ, 24 მაისს, 18:00 სთ-ზე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებს დამწყები მუსიკოსები წარუდგინოს და მისცეს მათ შესაძლებლობა უქმეები მეგობრებთან ერთად, სრულიად უფასოდ, სასიამოვნო გარემოში გაატარონ.
როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი მსგავსი ფორმატის ღონისძიებებისაგან იმითაა გამორჩეული, რომ ფესტივალის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება უმაღლესი ხარისხის აპარატურა, რაც მსმენელს წარმოდგენილი მუსიკალური კომპოზიციების უკეთ აღქმის და გაგების შესაძლებლობას მისცემს.
გარდა ამისა, ფესტივალის ორგანიზებით, ცენტრი მიზნად ისახავს ახალგაზრდებს გააცნოს ის სერვისები და ღონისძიებები, რომელსაც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახალგაზრდებისათვის ახორციელებს. ცენტრი ცდილობს გამოეხმაუროს ახალგაზრდებში არსებულ ყველა პრობლემას, შესაბამისად მისი საქმიანობის არეალი ძალზედ ფართოა და ბევრ პრობლემატიკას მოიცავს.
როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალს არა მხოლოდ გასართობი, არამედ საინფორმაციო და საგანმანათლებლო ფუნქციაც გააჩნია.
ხვალ ფესტივალის ბოლო დღეა. შეგახსენებთ, ფესტივალი 12 მაისს გაიხსნა და 19 მაისსაც ჩატარდა. ხვალინდელ კონცერტზე იმღერებენ: TSU Art, Jetbird, Porno poezia, Balloon Shooters, SvanSikh, ZurGi, LOUDspeakers, Vanilla cage.