„ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი მიმართვა და გადაწყვეტილება ერთადერთ მიზანს ისახავს - თავიდან ავიცილოთ ის საფრთხეები, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებმა გამოიწვია“, - ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის ერთ ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის სააკაშვილის მიმართ გაგზავნილ მიმართვას, სადაც ნათქვამია, რომ ხელი არ მოაწეროს კონსტიტუციის ცვლილებას და ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით მიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით სარგებლობას და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
როგორც ხიდაშელი აცხადებს, ივანიშვილმა სახელმწიფო ინტერესების და საზოგადოების კეთილდღეობით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, აბსოლუტურად სამართლებრივი და სწორი ფორმა იყო ივანიშვილის მიერ მოქალაქეობის მინიჭების ნატურალიზაციის გზა.
„მაგრამ თუ კი ეს არის პრეზიდენტის ახირება, რომ მოქალაქეობის მინიჭებისთვის ივანიშვილმა მაინცდამაინც ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით მიმართოს, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს გაეჯიბროს ჯინიანობაში და მზად არის რომ გაუგზავნოს ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნა. იმისთვის, რომ ქვეყანას ააცილოს ეს სირცხვილი და ვეტო დაედოს ახალ საკანომდებლო ცვლილებას“ ,- განაცხადა ხიდაშელმა
მისი თქმით, იმით არაფერი შეიცვლება ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას. მისი მიზანი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვაა და ამას იგი აუცილებლად შეასრულებს.
„ბიძინა ივანიშვილს არასოდეს უთქვამს საზოგადოებისთვის, რომ იგი პარლამენტის წევრობას აპირებს. იგი ქართულ საზოგადოებას შეპირდა, რომ ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში გახდება პრემიერ მინისტრი. მჯერა, რომ არჩევნებზე საზოგადოების მაღალი აქტიურობით და „ქართული ოცნებისთვის“ მხარდაჭერით მართლაც გარანტირებული იქნება ის, რომ იგი გახდება ქვეყნის პრემიერ მინისტრი“, - განაცხადა ხიდაშელმა.