პოლიტოლოგის, სოსო ცისკარშვილის შეფასებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობის უმაღლესი გამოვლენაა, რაც მისი თქმით, ახალი და დამაიმედებელი შტრიხია.
„აშკარაა, რომ ეს მკაფიოდ ახასიათებს ივანიშვილის ნატურას, ასეთი მორგებული ფრაზეოლოგია, სიმტკიცე, სრულიად მკაფიოდ აწყობილი პრიორიტეტები, სახელმწიფოს, კანონიერების მიმართ ქედის მოხრა და სახელმწიფო ინტერესების გატარების უნარი აი, ეს გახლავთ თემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს და მის გუნდს ზნეობრივი მასტერკლასი შესთავაზა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილის ამ ნაბიჯი „პრეზიდენტს ან კანონიერების ველში დაბრუნება, ან საკანონმდებლო ველიდან საჯარო გასვლა მოუწევს“.
იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ცისკარიშვილის განცხადებით, ეს მისი პარტიისთვის და კოალიციისთვის სიტუაციას არსებითად არ შეცვლის, რადგან კოალიცია „ქართული ოცნება“ საზოგადოების მიერ ივანიშვილის მიერ კონტროლირებულ პოლიტიკური ძალად აღიქმება და მისივე თქმით, ამომრჩევლებისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ექნება ივანიშვილს გვარი საარჩვენო სიაში ეწერება თუ არა. კოალიციის სახელში კი, მისი გვარი ნებისმიერ შემთხვევაში დაფიქსირდება.
შეგახსენებთ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართა
წერილის თანახმად, კონსტიტუციური ცვლილება სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ისეთი ქმედებაა, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ მოიპოვება.
შესაბამისად, ივანიშვილი პრეზიდენტს მიმართავს ხელი არ მოაწეროს კონსტიტუციის ცვლილებას და ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით მიმართოს წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით სარგებლობას და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.