2012 ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალი ბაქოს „კრისტალ ჰოლში“ 22 მაისს გაიმართება. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სანახაობას პირდაპირი ეთერით 23:00 საათიდან გადასცემს.
დღევანდელ, პირველ ნახევარფინალზე ევროვიზიის სცენაზე სიმღერით 18 ქვეყნის წარმომადგენელი წარსდგება. ეს ქვეყნებია: მონტენეგრო, ისლანდია, საბერძნეთი, ლატვია, ალბანეთი, რუმინეთი, შვეიცარია, ბელგია, ფინეთი, ისრაელი, სან მარინო, კვიპროსი, დანია, რუსეთი, უნგრეთი, ავსტრია, მოლდოვა, ირლანდია.
ანრი ჯოხაძე ბაქოს „კრისტალ ჰოლში“ 24 მაისს,- ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, 26 მაისს ფინალში ავტომატურად მონაწილეობენ: მასპინძელი ქვეყნის - აზერბაიჯანისა და „დიდი ხუთეულის“ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გაირკვევა.
რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. კონკურსის ლოგოა - „ცეცხლოვანი ყვავილი“, სლოგანი - „დაანთე ცეცხლი“. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს.