"ლეიბორისტები" საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა,სადაც მან პოლიტიკურ პარტიებს ნატოში შეუსვლელობის დეკლარაციაზე ხელისმოწერისკენ მოუწოდა.
"მივმართავ ჩიკაგოს სამიტის მონაწილეებს, ხელი არ ჩამოართვან საკუთარი ქვეყნით მოვაჭრე დიქტატორს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ხელი მოვაწეროთ ნატოში შეუსვლელობის დეკლარაციას. ყველა პოლიტიკოსი, ვინც გპირდებათ ნატოში შეყვანას, არის თქვენი შვილების მკვლელი", - აცხადებს ნათელაშვილი.
დღესვე ბრიფინგზე ნათელაშვილმა ჟურნალისტების თანდასწრებით პარტიის პოლიტკომიტეტის იმ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომელიც „ლეიბორისტების“ ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ადასტურებს, რომ საქართველო არც ნატოში და არც ერთ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში არ გაწევრიანდება.
"საქართველოზე თავს დატეხილი უბედურება, ტერიტორიების დაკარგვა, გეოპოლიტიკური როზგები იმპერიისგან, ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღატაკე და დიქტატორული ხელისუფლების არსებობა გამოწვეულია ნატო-ში ინტეგრაციის უპერსპექტივო დანაშაულებრივი სტრატეგიით", - განმარტავს ნათელაშვილი.