ჯგუფი „the sanda“ ბათუმში ახალი ალბომის მხარდამჭერ კონცერტს გეგმავს. სოლო კონცერტი კლუბ „საბლაიმში“ 26 მაისს შედგება. ჯგუფის ახალი ჰიტების პრეზენტაცია თბილისში, კლუბ „სენატში“ 29 აპრილს შედგა. 26 მაისს კი ჯგუფის მიერ შექმნილ უახლეს ჰიტებს უკვე ბათუმელი მსმენელი მოისმენს.
მუსიკალური ჯგუფი „the sanda“ 1993 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა მოღვაწეობა სოფტ როკ და ბლუზ ჟანრში დაიწყო. მოგვიანებით კი ფოლკ როკის ელემენტები შემოიტანა.
წელიწადნახევრის მუშაობის შემდეგ ჯგუფმა ჩაატარა თავისი პირველი სოლო კონცერტი (რკინიგზელთა კულტურის სახლიში, თბილისი), შემდგომში კიდევ რამოდენიმე სოლო კონცერტი ქალაქის სხვადასხვა სცენებზე.
ჯგუფი იყო მონაწილე და ერთერთი ორგანიზატორი 1996 წელს თბილისში ჩატარებული ფესტივალებისა „ხელები“ (კ/თ "ყაზბეგი") და „მარგარიტა“ (ვაკის პარკი). ჯგუფის საგასტროლო არეალი მოიცავდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს, აგრეთვე აჭარის ზღვისპირა რაიონებს.
1997 წელს, ფინანსური პრობლემების გამო, ჯგუფმა შეწყვიტა შემოქმედებითი მოღვაწეობა. 2006 წელს ჯგუფი შეიკრიბა და განაახლა მუშაობა. ამავე წელს მათ ჩაწერეს პირველი ალბომი Return (დაბრუნება).