პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ნატოს პირველივე გაფართოების ტალღის დროს დასავლეთ ბალკანეთის სამი სახელმწიფოსა და საქართველოს შანსებზე საუბრობს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ ჩიკაგოში მიღებულ დოკუმენტს ქართული მხარისთვის მისაღები უწოდა.
„დადასტურებულია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. მოწონებულია ქვეყანაში მიმდინარე რეფორემები, მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის მიმართ მოწოდებაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარებაზე“, – აღნიშნა ბაქრაძემ და დაამატა, რომ ჩიკაგოში მიღებული დოკუმენტი პრაქტიკულად მსოფლიოს თანამეგობრობის ყველაზე დემოკრატიული და განვითარებული ნაწილის პოზიციას გამოხატავს.
დავით ბაქრაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაფართოების სამიტი არ არის, რეალურად საქართველო ბევრად უფრო დაუახლოვდა ნატოს.
მისივე განცხადებით, 2008 წელს, როდესაც ბუქარესტში ევროპის დაპირება მივიღეთ, ამ დაპირებას დროში განსაზღვრული და გაწერილი მექანიზმი არ მოჰყოლია.
„ის, რომ საქართველო დღეს ასპირანტ ქვეყნად მოიხსენიება დასავლეთ ბალკანეთის სამ სახელმწიფოსთან ერთად იმას ნიშნავს, რომ საქართველო სრულიად კონკრეტულად განიხილება იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც პირველივე გაფართოების ტალღის დროს შესაძლებელია ნატო-ს წევრები გახდნენ“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, საქართველო კონკრეტულ პროცესში გადავიდა, რომელიც ახლო მომავალში ნატო-ს გაფართოებით გაგრძელდება.
პარლამენტის სპიკერი მიიჩნევს, რომ ის რაც ჩიკაგოში მოხდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თავისი პოლიტიკური დატვირთვით და მნიშვნელობით, ვიდრე მხოლოდ ერთი დოკუმენტი ან დეკლარაცია.
ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურებმა დაამტკიცეს.
მასში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება.
ამასთან, ამ დოკუმენტით ალიანსი მიესალმება იმ რეფორმებს, რომლებიც ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე საქართველომ უკვე განახორციელა და აცხადებს, რომ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას დემოკრატიული, საარჩევნო, სასამართლო რეფორმების თვალსაზრისით, ისევე, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმების კუთხით.
ამ ფონზე ნატო ხაზს უსვამს 2012 და 2013 წლების არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობას.
დოკუმენტში ასევე შეფასებულია ის წვლილი, რომელიც საქართველოს ISAF-ის ოპერაციაში შეაქვს.
გარდა ამისა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მიესალმება საქართველოს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას, ხოლო რუსეთს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ, ასევე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილების უკან წაღებისკენ მოუწოდებს.