„დღეს დილით მოსკოვში რუბლევო-უსპენსკის ტრასაზე, # 30 სახლთან ნაპოვნი მოკლულის ვინაობა ამოცნობილია, ეს გახლავთ ქართული შეიარაღებული ძალების გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი რომან დუმბაძე. ამ განცხადებას გაზეტა.რუ „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის შს სამინისტროს პრესსამსახურში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა საიტს ოფიციალური დადასტურება ამის შესახებ ჯერ არ მიუღია.
2004 წელს თბილისსა და აჭარას შორის მიმდინარე კონფლიქტის დროს, რომან დუმბაძემ ოფიციალურად განაცხადა უარი დამორჩილებოდა საქართველოს პრეზიდენტს და ასლან აბაშიძის მხარეს გადავიდა. “ინტერფაქსის“ განცხადებით, სახელმწიფო სამსახურს ის დიდი ხნის განმავლობაში დაკავებული ჰყავდა საგამოძიებო იზოლატორში.
2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა რომან დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.
გენერალი დუმბაძეს ქართულმა მართლმსაჯულებამ სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი და მუდმივი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გენერალი, რომან დუმბაძე რუსულმა მხარემ 12 ქართველი სამხედრო ტყვეში გაცვალა.
ჯარისკაცების გათავისუფლების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ რუსეთს გადასცა ასლან აბაშიძის ყველაზე მყარი დასაყრდენი, გენერალი რომან დუმბაძე, რომელსაც სამშბოლოს ღალატის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, აცხადებდა მაშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე.
"გენერალმა ბორისოვმა მოითხოვა იმ პირის გადაცემა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ეს არის რომან დუმბაძე. მან თავის დროზე აჭარაში ხიდები ააფეთქა. ვინმეს თუ ჰქონდა კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, ახლა ყველაფერი გაირკვა. როგორც ბორისოვმა თქვა, დუმბაძე იცხოვრებს მის აგარაკზე პოდმოსკოვიეში. ჩვენ დუმბაძე გადავეცით, რადგან ჩვენთვის ტყვეების, ჯარისკაცების სიცოცხლე და ცხედრების გადმოსვენება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ერთი კრიმინალი დუმბაძე",- განაცხადა თარგამაძემ.