პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ კვირის პალიტრასთან საუბარში განაცხადა, რომ საარჩევნო ბლოკს, შესაძლოა, „ივანიშვილი – ქართული ოცნება“ დაერქვას.
ივანიშვილის განცხადებით, როდესაც მან თქვა, რომ პარტიის სათავეში ივანიშვილი იქნებოდა, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა.
„ბევრი ვისმჯელეთ ამ თემაზე და უფრო კარგი გამოსავალი მოვნახეთ. ჩვენ დამოკიდებული აღარ ვართ იმაზე, მომანიჭებს თუ არა მოქალაქეობას სააკაშვილი. ბლოკს შეიძლება დაერქვას „ივანიშვილი – ქართული ოცნება“, გვარი ხომ ჩნდება თავისთავად“, - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, როდესაც ბლოკის სახელი იქნება „ივანიშვილი – ქართული ოცნება“, იმის აუცილებლობაც აღარ არის, რომ სიის პირველი ნომერი ივანიშვილი იყოს.
ბიძინა ივანიშვილი გეგმავს შეხვედრას გია ჟორჟოლიანთან და „მწვანეების“ ლიდერ გია გაჩეჩილაძესთან, რომლებთანაც მაჟორიტარების დონეზე აპირებს შეთანხმებას.
„ასევე, შეიძლება ჩვენს პარტიაში აღმოჩნდეს დიმიტრი ლორთქიფანიძე. ჩვენ არავის დავტოვებთ უყურადღებოდ, რადგან ჯანსაღი ძალების მაქსიმალური კონსოლიდაცია გვინდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
შეკითხვის პასუხად, რატომ არიან წინა პლანზე რესპუბლიკელები და რატომ ჩანს ნაკლებად თავად ივანიშვილის პარტია და „ფორუმი“ აცხადებს, რომ კოალიციაში არსებული სიტუაციით ძალიან კმაყოფილია.
ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მისი გამოცდილება მენეჯმენტში მათ გუნდზე კარგად აისახა. „მოვახერხე, რომ მეგობრული კოლექტივი შემექმნა. ეს პოლიტიკური ძალები ერთად ხშირად ყოფილან და მერე დაშლილან, მაგრამ დღეს სხვაგვარად არის საქმე, კოალიციაში ვითარება დაბალანსებულია. ეს არ არის ისეთი კოალიცია, ადრე რომ იქმნებოდა, სადაც ერთიანდებოდნენ და იშლებოდნენ. ჩვენს გუნდში სიტუაცია არის მაქსიმალურად კარგი - არ დავმალავ, ამაში დიდია ჩემი როლი“,-აცხადებს ივანიშვილი.