დღეს,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოში შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩის დიანა იანსეს წიგნის „ავღანური დღიურები-ჩემი გულის ერთ ნაწილს აქ ვტოვებ...“ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი შვედურიდან ლიკა ჩაფიძემ თარგმნა.
როგორც წიგნის შვედი ავტორი აღნიშნავს,- „ეს ჩემი ისტორიის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია, ნაწილობრივ რეპორტაჟების კრებული,- დღიური. ჩემი ჩანაწერები ნამდვილია და ნამდვილი ადამიანების ისტორიებს გიამბობთ. ჩემი მიზანი იმის გადმოცემააა, რასაც თავად ვხედავდი, განვიცდიდი, მესმოდა, ვგრძნობდი, ვფიქრობდი - მცირე ნაწილი იმისა, რასაც ავღანეთიდან წამოსვლიდან ორი წლის შემდეგაც კი გულით ვატარებ. ამ პერიოდმა ჩემი სამყარო უფრო დიდი და ღირებული გახადა და მოვლენების ჩემეული ხედვა, ჩემი სამუშაო, ჩემი მეგობრები და კავშირები რადიკალურად შეცვალა. და თუკი ამან რამდენადმე უფრო პრეტენზიული გამხადა, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი მკითხველი ამასაც ისევ მაპატიებს, როგორც იმას, თუკი ჩემი წიგნით ან მასში აღწერილი რომელიმე ეპიზოდით შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს”.
დიანა იანსე,- 2010 წლიდან შვედეთის სამეფოს სრუფლებიანი ელჩი საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლამდე, 2004-2006 წლებში შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლად მუშაობდა ქაბულში.