ინტერნეტ გამოცემა “tspress.ge” პირველი არხის ჟურნალისტ ნატო ბერულავასთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. გამოცემის ხელმძღვანელის, ელისო ჯანაშიას თქმით, სარჩელს ფოთის სასამართლოში ორშაბათს შეიტანს.
,,სარჩელი ჟურნალისტის სამოქალაქო წესით დასჯას ითვალისწინებს და „პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლისთვის სასამართლოში სარჩელს ორშაბათს შევიტანთ. ჩვენ საჯარო სივრცეში პირის შეურაცხყოფისთვის მორალური ზარალის ანაზღაურებას და რაღაც სიმბოლური სანქციას მოვითხოვთ“ ,- განაცხადა ელისო ჯანაშიამ from.ge-სთან საუბრისას. მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ ფაქტის მიმართ ინტერესის ზრდის გამო გამოცემა ფაქტის ამსახველი მთლიანი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას გეგმავს.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე გაეცნო ფაქტებს და მალე გამოცემა „tspress.ge” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსაც მიმართავს. შემდეგ კი გადაწყვეტილებას დაელოდებიან.
„აღნიშნულ ფაქტებს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე გაეცნო. საქმე ძალიან გახმაურდა და მათ თავიანთი დამოკიდებულება უკვე გამოთქვეს კიდეც. ყველამ აღიარა, რომ ეს ქმედება იყო არაეთიკური და დამნაშავე ადმინისტრაციული წესით უნდა დაისაჯოს. ჩვენ სხვა ზომების მიღება არ შეგვიძლია“ ,- განაცხადა ელისო ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ "პირველი არხის" ჟურნალისტმა ნატო ბერულავამ ფოთში, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას დევნილებთან შეხვედრისას "tspress.ge"-ს კამერას მიკროფონი ჩაარტყა.