ნორვეგიის წარმომადგენელი ეივინდ ჰოლთსმარკ რინგსთედი 2012 წლის ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე ავსტრიის კონკურსანტი ემანუელ ტიეკნავორიანი, ხოლო მესამეზე სომხეთის კონკურსანტი ნარეკ კაზარიანი გავიდნენ.
ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსის ფინალი 11 მაისს ღია ცის ქვეშ ვენის რატუშის მოედანზე ჩატარდა. კონკურსანტებს აკომპანიმენტი ვენის რადიოს სიმფონიურმა ორკესტრმა (Vienna Radio Symphony Orchestra) გაუწია, რომელსაც გერმანელი მაესტრო კორნელიუს მეისტერი (Cornelius Meister) დირიჟორობდა.
ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსზე საქართველო ლიზი რამიშვილმა წარადგინა, რომელმაც პირველ ნახევარფინალზე 5 მაისს დაუკრა.
კონკურსში წელს პირველად მონაწილეობდნენ საქართველო, სომხეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა და უკრაინა.
ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსის (EYM) ორგანიზატორია ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU). კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა ტალანტების გამოვლენასა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ეს კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და პირველად 1982 წელს ჩატარდა. წელს რიგით მე-16 ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსს ავსტრიამ უმასპინძლა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი კლასიკური ევროვიზიის ფინალს შაბათს 14:00 საათზე ეთერში გადასცემს.