თინა ხიდაშელი: 27 მაისი  „ქართული ოცნებისთვის“  ახალი სტარტი იქნება

თინა ხიდაშელი: 27 მაისი „ქართული ოცნებისთვის“ ახალი სტარტი იქნება

პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“ წევრის და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს, თუმცა 27 მაისი კოალიციის ახალი სტარტი იქნება.

ხიდაშელის განცხადებით, 27 მაისიდან ყველა ის ღონისძიებები, რაც ამ ხნის განმავლობაში მუშავდებოდა და  „ქართულ ოცნებას“  გათვალისწინებული აქვს დაიწყება და  მთელი საქართველოს მასშტაბით გაიშლება.

„ველოდებით ხალხმრავალ შეკრებას, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.  გვინდა საარჩევნო კამპანია  ქვეყნის დედაქალაქიდან გავხსნათ, რადგან  ხელისუფლება  ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს.  „ქართულ ოცნებას“  წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული გვაქვს, მაგრამ ეს ახალი ეტაპი და სტარტი იქნება,  27 მაისიდან  ის ღონისძიებები, რაც ამ ხნის განმავლობაში მუშავდებოდა და გათვალისწინებული გვაქვს ამ დღის შემდეგ დაიწყება და მთელი  საქართველოს მასშტაბით გაიშლება“,-განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, აქციაზე პოლიტიკოსები სიტყვით მიმართავენ საზოგადოებას, ხოლო სხვა ტიპის დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

რაც შეეხება, რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოსვლას, ხიდაშელი აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიას დედაქალაქიდან იწყებენ, ხოლო რეგიონებში  დიდი ხანია ჩადიან, ხვდებიან მოსახლეობას და  მათ პრობლემებს ადგილზე  ეცნობიან.

ხიდაშელი  თბილისის მერიისგან 27 მაისს აქციის დაკვირვებისთვის პასუხისმგებელი პირის გამოყოფის მოთხოვნას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ „ გვინდა ვიცოდეთ ვინაა ადამიანი, რომელსაც კანონდარღვევის შემთხვევაში პასუხს მოვთხოვთ“,-განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ,  „ქართულმა ოცნებამ“  27 მაისს თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის დასაწყებად აქცია დაანონსა. უკვე  ტელევიზიით და სოციალურ ქსელში ტრიალებს კლიპი, სადაც კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ხალხს შეკრებისკენ მოუწოდებს.