რეფორმირებული პოლიციის სახე  - ძალოვანთა თავდასხმის ობიექტი „კვირის რეპორტაჟის“ ოპერატორი გახდა

რეფორმირებული პოლიციის სახე - ძალოვანთა თავდასხმის ობიექტი „კვირის რეპორტაჟის“ ოპერატორი გახდა

 

დღეს, დუშეთის რაიონის გამგეობის შენობის გარე კადრების გადაღებისას, „კვირის რეპორტაჟის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. გადაღებისას შენობიდან დაცვის თანამშრომელი გამოვიდა, „კვირის რეპორტაჟის“ ოპერატორს ზურაბ პატარიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კამერის დამტვრევა სცადა.

ამ ინციდენტის შემდეგ გამგეობის შენობასთან უკვე „კვირის რეპორტაჟის“ ჟურნალისტი ბელა ზაქაიძეც მივიდა და შეეცადა დაცვის თანამშრომლებთან გაერკვია რა მოტივით უშლიდნენ ისინი ხელს ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში, რასაც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან კვლავ აგრესია მოყვა. თავდასხმის ობიექტი ამჯერადაც ვიდეოკამერა გახდა.

მოგვიანებით, დუშეთის გამგებელმა ვლადიმერ ბადაგაძემ „კვირის რეპორტაჟს“ განუცხადა, რომ ის მომხდარის შესახებ საქმის კურსშია, ამ ფაქტის დეტალებში გაერკევა და თუ დაცვის თანამშრომელმა კანონი დაარღვია, მომხდარზე რეაგირება აუცილებლად მოხდება. თუმცა, შემდეგ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას გამგებელმა ჟურნალისტებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და თქვა, თითქოს გადამღები ჯგუფი აგრესიის მსხვერპლი იმიტომ გახდა, რომ ის კამერის თანხლებით შედიოდა შენობაში.

კერძოდ, გამგებელმა საინფორმაციო ცენტრს ასეთი კომენტარი მისცა:

„არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. გადამღებ ჯგუფს დავეხმარეთ და რა ინფორმაციაც აინტერესებდათ, ყველაფერი მივეცით. შენობის კადრებიც გადაიღეს და ხელი არავის შეუშლია. როცა ოპერატორი გამგეობის შენობაში მხარზე შემოდებული და ჩართული კამერით ნებართვის გარეშე შემოდიოდა, მას აუხსნეს, რომ ასე არ შეიძლება და ეს არ მოეწონათ,“ - განაცხადა ბადაგაძემ.

ამის შემდეგ გამგებელს Presage.tv-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა და მას შემდეგ რაც ბადაგაძემ გაიგო, რომ ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა არსებობს, ჩვენს ჟურნალისტს განუცხადა, თითქოს მას მცხეთა მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მსგავსი რამ არ უთქვამს.