კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის ორგანიზებით, რეგიონული მედიის თანამშრომლების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანი დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იმ პრობლემის გაცნობა იყო, რომლებიც რეგიონალური მედიის ჟურნალისტებს მოვლენების გაშუქებისას შეექნათ.
„ბოლო სამი კვირის განმავლობაში მედიის წარმომადგენლების ცემის და მათი მუშაობისთვის ხელის შეშლის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენი ამოცანა იყო რაიმე რეაგირება მოგვეხდინა ამ ფაქტებზე და მასალები არასამთავრობოებისთვის და დიპლომატიური კორპუსისთვის მიგვეწოდებინა. მათ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოისმინეს, ნაჩვენები იყო ფილმიც, სადაც ჟურნალისტები თავიანთ ისტორიებს თვითონ ყვებიან. მიგვაჩნია, რომ აუცილებელი იყო გარკვეული პრევენციული ღონისძიებები გაგვეტარებინა, რათა მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ განმეორდეს“,-განაცხადა მელაშვილმა.
მელაშვილის თქმით, შეხვედრამ გარკვეული შედეგი ნაწილობრივ იმ თვალსაზრისით გამოიღო, რადგან დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობოების მიერ შეხვედრის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო.
„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ამას საერთაშორიოს ორგანიზაციების მხრიდან გარკვეულ რეაგირება მოჰყვება. შეფასებები ალბათ, მერე გაკეთდება“,-განაცხადა მელაშვილმა.