ალექსანდრე ანქვაბი:  აფხაზეთი ის აღარ არის, რაც ექვსი-შვიდი წლის წინ იყო

ალექსანდრე ანქვაბი: აფხაზეთი ის აღარ არის, რაც ექვსი-შვიდი წლის წინ იყო

 

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, რუსეთის ფედერაციისა და პირადად პუტინის დამსახურებაა ის პოზიტიური განწყობა, რაც აფხაზებს აქვთ.

„ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ პუტინის აზრს იმის შესახებ, რომ დღეს, როდესაც ჩვენ მუშაობა დავიწყეთ. ჩვენ რუსეთის ფედერაციის დახმარებით მნიშვნელოვნად შევძელით წინ წაწევა. ის დახმარება, რომელსაც ჩვენ რუსეთი გვიწევს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, ის პრობლემები, რაც ომმა დაგვიტოვა, ჯერ კიდევ ბევრია.

პოზიტიური განწყობა, რაც ჩვენს მოსახლოებას  აქვს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ვგრძნობთ რუსეთის მხარდაჭერას, თქვენს პირად მხარდაჭერას და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი საქმე უფრო უკეთესად წავა, ვიდრე ეს ადრე იყო“,-განაცხადა ანქვაბმა.

თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში აფხაზეთში ბევრი გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ის იმედოვნებს, რომ ბოლო დროს ჩატარებული სამუშაოები შეესაბამება იმას, რომ ადამიანებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, რომ მათ შეძლონ ურთიერთობა, დაკავდნენ ბიზნესით, შეხვდნენ ერთმანეთს და აფხაზეთსა და სოჭში დაისვენონ.

„ვიცი, რომ ძალიან ბევრი  პრობლემებია აფხაზეთში. რუსეთი მზადაა გვერდით დაუდგეს და მხარი დაუჭიროს მას. ეს პირველ რიგში სოციალურ სფეროს ეხება. მე აღარ ვლაპარაკობ უსაფრთხოების საკითხებზე, ამის შესახებ ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ.  სოციალური სფეროს საკითხები-ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკის განვითარება-ყველა ეს საკითხი დღის წესრიგშია“,-განაცხადა პუტინმა.

დღეს რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში ალექსანდრე ანქვაბისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა.