„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ლალიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს შესაძლოა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ცნობილი სახე, აფხაზეთის მრგვალი მაგიდის წევრი გოჩა ბახიას კანდიდატურა შესთავაზონ არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ ზოგადად, პერსონებზე განცხადებების გაკეთება არჩევნებამდე ძალიან ადრეა.
„დღეს მთავარია, ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო გარემო არსებობდეს და ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. ზოგადად, პერსონებზე საუბარი ადრეა“,-განაცხადა ლალიაშვილმა.
ლალიაშვილი ასევე არ უარყოფს, რომ მათ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეს უფლებას აძლევს ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს, თავადაც ისარგებლებენ და ამომრჩველს შესაძლოა ერთი ავსტრიის და მეორე კი, გერმანიის მოქალაქე შესთავაზონ.
შეკითხვის პასუხად, ამ შემთხვევაში გამოვიდა, რომ საკონსტიტუციო ინიციატივა, არათუ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის არამედ, მათი ინტერესებისთვისაა ინიცირებული აცხადებს:
„ჩვენი, თქვენი, ყველა მთელი საზოგადოების ინტერესში შედის, რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა თანამემამულემ საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, იყოს არჩეული და ასე შემდეგ. ეს ყველას ინტერესებშია“,-განაცხადა ლალიაშვილმა.
ლალიაშვილის მტკიცებით, „ქდმ“ თავიდანვე აცხადებდა, რომ ეს ინიციატივა არამხოლოდ ივანიშვილისთვის არამედ, უცხოეთში მცხოვრები ასეულობით ჩვენი თანამემამულესთვის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებისადმი წვდომის გარანტი იქნებოდა.
„ეს არამხოლოდ ივანიშვილის გამო არამედ, არსებობს ასეულობით ჩვენი თანამემამულე ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ, ჩვენი ოპონენტები ამბოდნენ, ერთი მაინც დაგვისახელეთ ასეთიო და ვასახელებთ ახლა“,-განაცხადა ლალიაშვილმა.