პრეზიდენტმა მინისტრებს თანამშრომელთა გახშირებული მივლინებების გამო ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სტუმრობისას უსაყვედურა.
„მინისტრებს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიგიქარავთ. დღეს აღმოვაჩინე, რომ 30 თუ 40 წარმომადგენელს აგზავნით ბრაზილიაში გარემოს დაცვის კონფერენციაზე დიდი სტენდის მოსაწყობად. ბიჭებს და გოგოებს ბრაზილიაში გასეირნება მოენატრათ. მოდით, საქართველოში გაისეირნეთ ცოტა მეტი ბიჭებო და გოგოებო. ხომ არ წარმოიდგინეთ, რომ მართლა ემირატების შემოსავლები გვაქვს ან უკვე სინგაპური გვაქვს? გარშემო წარმოუდგენელი გაჭირვებაა. საზოგადოების 20 % დღეში დაახლოებით 2 დოლარზე ნაკლებად ცხოვრობს, თუ არ ჩავთვლით ჩვენს სოციალურ დახმარებას. რა დროს აქეთ-იქეთ სეირნობაა?“
პრეზიდენტმა მინისტრებს მოუწოდა, მოიქცნენ ისე,როგორც შეესაბამება ჯერ კიდევ ძალიან გაჭირვებული ქვეყნის სახელმწიფო აპარატს.
„ჩემი მივლინებებიც კი შევამცირე მკვეთრად. თუ ადრე ჩემი წინამორბედი საზღვარგარეთ 60-კაციანი შემადგენლობით დადიოდა, მე 3-4-5 კაცზე მეტი არასდროს გამყავს ხოლმე. მოიქეცით ისე, როგორც შეესაბამება ჯერ კიდევ ძალიან გაჭირვებული ქვეყნის სახელმწიფო აპარატს. ძალინ ვაფასებ ჩვენი სახელმწიფო აპარატის პროფესიონალიზმს, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ოდესმე ეს პროფესიონალიზმი მოეშვას და გადავიდეს ბრაზილიაში კარნავალზე სასეირნოდ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.