რამდენიმე დღის წინ, ცნობილი ფრანგი ექსტრემალი, ალპინისტი, ალენ რობერსი საფრანგეთის ყველაზე მაღალ ცათამბჯენს ესტუმრა. მან „ფერსტის“ 231-მეტრიანი ცათამბჯენი დაზღვევის გარეშე „დალაშქრა“. „ადამიანი ობობა“ შენობის კედლებზე ნახევარი საათი მიცოცავდა.
ალენ რობერს მსოფლიოს მასშტაბით 80-მდე მაღალი შენობა აქვს დაპყრობილი. ჩვეულებისამებრ ის ცათამბჯენებს სპეციალური აღჭურვილობისა და ხელისუფლების შესამაბისი ნებართვის გარეშე იპყრობს, რის გამოც მას ხშირად აკავებენ. რობერს ამჟამად სამართლდამცველებთან პრობლემა არ ჰქონია, რადგან ცათამბჯენის მეპატრონისაგან ნებართვა წინასწარ ჰქონდა აღებული.
იქამდე კი, რობერსი ავსტრალიის ტერიტორიაზე, 2009 წელს მაშინ დააკავეს, როდესაც დაზღვევის ქამრის გარეშე Royal Bank of Scotland-ის 41-სართულიან შენობაზე აძვრა. ამ საქციელისთვის მან 750 დოლარი ჯარიმა გადაიხადა.
2010 წელს კი, ავსტრალიის პოლიციამ სიდნეიში ფრანგი ალპინისტი ხელმეორედ დააკავა. ის ამჯერადაც სპეციალური აღჭურვილობისა და დაზღვევის ქამრის გარეშე, სიდნეის ცენტრში მდებარე Lumiere Building-ის 57-სართულიან შენობაზე აცოცდა.
მაშინ შენობაზე ასაძრომად რობერს 20 წუთი დასჭირდა. ხალხი, რომელიც შენობასთან შეიკრიბა და ცათამბჯენის დაპყრობას თვალს ადევნებდა, 48 წლის „ადამიან-ობობას“ აპლოდისმენტებით შეხვდა.
ალენ რობერმა თავისი კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო.