შადრევანი მხოლოდ სააკაშვილისთვის

შადრევანი მხოლოდ სააკაშვილისთვის

გურჯაანის ცენტრში შადრევანის მშენებლობა საზოგადოების მსჯელობის საგანი შარშან სამშენებლო პროცესის დაწყებისთანავე გახდა.  „სპექტრის“ ინფორმაციით, „დაზიანებული ძრავით“ შადრევანი მხოლოდ მაშინ ჩართეს, როდესაც გურჯაანში ახალი საავადმყოფო გაიხსნა და პრეზიდენტი იმყოფებოდა სტუმრად.

კახური თონე, ვულკანი, საკირე, პირამიდა... ეს იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც გურჯაანის შადრევანს თავად ადგილობრივები მოიხსენიებენ. როგორც რეგიონული გამოცემა „სპექტრი“ წერს, ზამთრიდან მოყოლებული დღემდე წყალი მხოლოდ ერთხელ, ისიც პრეზიდენტის სტუმრობისას გაუშვეს, რამაც საზოგადოებაში მანამდე არსებული ეჭვი დემონტაჟის შესახებ კიდევ უფრო გაამყარა.

2011 წლის მარტში ქალაქ გურჯაანში ცენტრალურ მაგისტრალზე შადრევანის მშენებლობა დაიწყო, რისთვისაც 48 ათას 600 ლარი გაიხარჯა. იმ პერიოდისთვის მოსახლეობის ნაწილმა ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ შადრევანი ქალაქის იერსახეს შეცვლიდა და უფრო მეტ ხიბლს შესძენდა. სამუშაოები შარშან ივლისშიდასრულდა. მისი ამოქმედების დღიდანვე, გურჯაანის მოსახლეობის აზრი ორ ნაწილად გაიყო: ზოგს - მოსწონდა, ბევრს კი - არა. ამას ისიც დაერთო, რომ მთელი ზამთრის განმავლობაში იგი უფუნქციოდ იყო, რის მიზეზადაც ყინვები სახელდებოდა.

„სპექტრის“ ინფორმაციუით, იმის  მიუხედავად, რომ ზამთარი უკვე დიდი ხანია გავიდა, შადრევანში წყალი მხოლოდ 7 მაიის, ამ ტემით ჟურნალისტების დაინტერესების შემდეგ გაუშვეს.

ამის მიუხედავად, არსებობს ინფორმაცია, რომ შადრევანის დემონტაჟი, რომელიც ბიუჯეტს 48 ათას 600 ლარი დაუჯდა - მაინც იგეგმება. თუმცა  გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოგა პეტრუზაშვილი ამას ჯერჯერობით უარყოფს.

„ზამთარი და ყინვები იყო, ამიტომ ამ პერიოდში შადრევანი გამორთული გვქონდა. ახლა ძრავი არის ნაწილობრივ დაზიანებული და ალბათ, ამ დღეებში გაკეთდება, შადრევანი პერიოდულად ჩართულია. ის ჩვეულებრივ გააგრძელებს ფუნქციობას“, - აღნიშნა გოგა პეტრუზაშვილმა.

პეტრუზაშვილი „სპექტრთან“ საუბარში ამბობს, რომ კონსტრუქციას არც დაანგრევენ და არც რამეს შეცვლიან, ის თავისი პირვანდელი სახით დარჩება.