ბევრი ვიფიქრე საჯარო პასუხის გაცემის თაობაზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა P.S. -ში გასულ კვირას გაშვებულ სპეციალურ რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ჩემს სიმამრს - 2011 წლის 11 ოქტომბერს სრულიად უკანონოდ დაკავებულ პოლიციის გენერალ თამაზ თამაზაშვილს მიუძღვნა გადაცემის წამყვანმა - დავით კიკალიშვილმა. თავდაპირველად, ბევრმა ადამიანმა მირჩია სრული იგნორირება მომეხდინა ზემოთ აღნიშნულ ცილისმწამებლურ, ცრუ და მორალურად დამანგრეველ გადაცემაზე, თუმცა ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის ვეცადო დავიცვა სიმართლე და პასუხი გავცე უსამართლობას, უკანონობას, სიცრუეს, სიყალბესა და ყოველგვარ ზღვარგადასულ ცილისწამებას, გადამაწყვეტინა ეს წერილი დამეწერა.
დამეწერა აგრეთვე იმიტომ, რომ დავიცვა სრულიად უდანაშაულო პატიმრობასა და ტყვეობაში მყოფი ადამიანის სიმართლე, ამ შემთხვევაში ჩემი სიმამრის სიმართლე, ის სიმართლე, რომელსაც თითოეული სამართლიანი ადამიანის მხრიდან დაცვა სჭირდება. დამეწერა იმიტომ, რომ თავს ვალდებულად ვთვლი უდანაშაულო ადამიანის სახელი, პატივი და ღირსება დავიცვა შემლახავი ამორალური, სრულიად უზნეო ბრალდებებისა და ცილისწამებისგან და ბოლოს, უბრალოდ გულწრფელად მსურს საზოგადოებას ვუთხრა მხოლოდ სიმართლე:
მაშ ასე, რატომ დაინტერესდა რუსთავი2-ის ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი ჩემი სიმამრის - თამაზ თამაზაშვილის პიროვნებით? ამ კითხვაზე პასუხი ბუნებრივია, ყველასთვის გასაგებია - რამდენიმე დღით ადრე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა თამაზაშვილთან დაკავშირებით, კერძოდ ბატონი ბიძინა გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას ჩემი სიმამრისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით 3 წლითა და 6 თვით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, მან აგრეთვე განაცხადა, რომ თამაზაშვილი გახდება პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ანუ შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თამაზაშვილი დაიკავებს ერთ-ერთ მაღალ პოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამ განცხადებამ რასაკვირველია გამოიწვია და გააღიზიანა ხელისუფლება, მათაც გადაწყვიტეს მათთვის ჩვეული, აპრობირებული ბინძური მეთოდის გამოყენება - თამაზაშვილს დააბრალეს ყოველგვარი სიბინძურე რაც მას არასოდეს არ ჩაუდენია: ნარკორეალიზატორებთან, კრიმინალებთან მეგობრობა, ადამიანების გატაცებასთან კავშირი და სხვა მსგავსი სიბინძურე. თამაზაშვილი - კაცი, რომელიც 30 წლის მანძილზე მართლაც რომ სამაგალითო პოლიციელი იყო, დიახ, სამაგალითო პოლიციელი, რომელიც მუდამ გმირულად, საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდა თავისი ქვეყნის, მოქალაქეების დასაცავად, ლამის ყველა დროის კრიმინალად, „ნარკო-ბარონად“ შერაცხეს!
ადამიანის, რომელიც შინაგანად, მთელი თავისი მრწამსითა და ცხოვრების წესით, განვლილი გზით, მთელი კარიერის მანძილზე თავგადადებით ებრძოდა კრიმინალურ სამყაროს, ებრძოდა დანაშაულსა და დამნაშავეებს, ნარკორეალიზატორებს, ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებითა და შინაგანი სამყაროთი სრულიად საპირისპირო ფენომენია, რომელიც ყოველთვის ებრძვის უკანონობას, დანაშაულს, ყოველგვარ კრიმინალსა და მათ შორის ნარკომანიას, აი ასეთ ადამიანს აბრალებენ კრიმინალობას, ნარკობიზნესსთან კავშირს და ათას ამორალურ საქციელს, რომელიც თამაზაშვილის პიროვნებისთვის უკიდურესად შეუთავსებელი და მიუღებელია!
მაგრამ, სწორედ რომ მიზანმიმართულად დაგეგმა ხელისუფლებამ დავით კიკალიშვილის ხელით ეს ბინძური „პიარ-აქცია“, ვინაიდან მათ ყველაზე უკეთესად იციან თუ რა კაცია თამაზაშვილი, სწორედ, რომ მათ იციან, თამაზაშვილს აქვს აბსოლუტურად სუფთა პოლიციური წარსული, რომ ის არის ღირსეული მამულიშვილი და ნამდვილი ჯარისკაცი, რომელიც მუდამ თავისი ქვეყნისა და ხალხის სადარაჯოზე იდგა 30 წლის მანძილზე!
სწორედ, ამიტომ დააბრალეს ის, რასაც თამაზაშვილი ყოველთვის ებრძოდა! ნუთუ საბრალო კიკალიშვილს არ ესმის თუ რაოდენ დიდ ცოდვას სჩადის, როდესაც უდანაშაულოდ დაკავებულ ადამიანს მსგავს ცილისმწამებლურ ბრალს უყენებს, რომ თამაზაშვილსა და მის ოჯახს მორალურად კიდევ უფრო მძიმე ზიანს აყენებს, რომ ადამიანს სახელს, პატივსა და ღირსებას ულახავს ასე უსირცხვილოდ, უსამართლოდ და უკანონოდ... კიკალიშვილი ხელისუფლების დავალების შესრულების პარალელურად ავტომატურად გახდა დანაშაულის თანამონაწილე!
იმ უმძიმესი დანაშაულისა, რომელსაც უდანაშაულო ადამიანისა და მისი ოჯახის წევრების მორალურად განადგურება-მკვლელობა ჰქვია! ნუთუ ამაზე არასოდეს გიფიქრიათ ბატონო დავით? იგივე კითხვის დასმას თქვენი გადაცემის დამკვეთებისთვის უბრალოდ აზრი არ აქვს, რადგან ისინი სრულიად ამორალური, უზნეო ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და მათ დაკარგეს ადამიანის სახე, მაგრამ თქვენ რა დაგემართათ ბატონო დავით? დაგავიწყდათ თქვენი, როგორც ჟურნალისტის უპირველესი და წმინდა მოვალეობა - რომ ემსახუროთ სიმართლეს და იყოთ მუდამ ობიექტური? დაგავიწყდათ, რომ ხელისუფლების მსგავსი უკანონო „დავალების“ შესრულება დანაშაულია? იქნებ დაგავიწყდათ, რომ თქვენ მხოლოდ 1 დღით არ ცხოვრობთ?
როგორ არ გრცხვენიათ ან სინდისი როგორ არ გაწუხებთ, როდესაც უდანაშაულო ადამიანს აბრალებთ იმას, რაც მას არასოდეს არ ჩაუდენია და რასაც ის არათუ პრაქტიკულად, არამედ პოტენციურად - თეორიულადაც კი ის არასოდეს არ ჩაიდენდა, ვინაიდან ის თქვენს მიერ წარმოჩენილი „კრიმინალი თამაზაშვილის“ პორტრეტისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფენომენია! ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ თუ თქვენ ამ წერილს გაეცნობით, თქვენ აუცილებლად დაფიქრდებით თქვენს უზნეო, ამორალურ, ანტი-ჟურნალისტურ საქციელზე!
ახლა მოდით გადავიდეთ კონკრეტულად თქვენს მიერ გადაცემაში ჩამოთვლილ იმ უმძიმეს ბრალდებებზე, რომლებიც თქვენ და თქვენმა ასისტენტმა იაკობაშვილმა ჩემს სიმამრს წაუყენეთ: გადაცემაში ალაპარაკეთ სოფელ დუისის მკვიდრი ვინმე სერგო დუიშვილი, რომელიც ახმეტის მოსამართლის მამაა! როგორ წარმოუდგენია მკითხველს, დღეს, ასეთი დიქტატორული რეჟიმის პირობებში მოქმედი მოსამართლე - ლაბაზ დუიშვილის მამა თამაზაშვილზე კარგს როგორ იტყოდა? ან საერთოდ, თქვენ და თქვენს ასისტენტ იაკობაშვილს ობიექტურ ჟურნალისტობაზე რომ გაქვთ პრეტენზია, რატომ არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ობიექტურად გაგერკვიათ თუ მართლაც ვინ არის და რა კაცია თამაზაშვილი? ან საერთოდ რატომ არის ის დღეს უკანონო პატიმრობაში? ნუთუ საერთოდ აღარ გაგაჩნიათ სამართლიანობის დადგენის სურვილი? მაგრამ თქვენ როგორც ჩანს სხვა რამით ხართ გატაცებული... ამის ნათელი დადასტურებაა თქვენი „ღრმა ჟურნალისტური ხედვა და ინტელექტი“...
ისე, როგორ „მოახერხეთ“ რომ მხოლოდ სამი - ასე ვთქვათ, „დაჩაგრული“ მოხუცებული მოძებნეთ და ალაპარაკეთ სიცრუე და სიყალბე? დანარჩენი ორი მოხუცებულიც ძალიან შემეცოდა ადამიანურად, იმიტომ რომ ასე უსირცხვილოდ აიძულეთ, რომ სიცრუე ეთქვათ თამაზაშვილზე. როგორ კადრულობთ, რომ ვინმე ელდარ ბორჩაშვილის, რომელიც 2005 წელს სწორედ თელავის უნივერსიტეტში სტუდენტისგან ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ადამიანის მიერ ხელისუფლების მხრიდან იძულებით დაწერილ წიგნში მოყვანილ სიცრუეს იშველიებთ არგუმენტად? თქვენ, როგორც ჟურნალისტს, ოდესმე გსმენიათ უტყუარი - გადამოწმებული ფაქტებისა და არგუმენტების შესახებ? როგორ ამბობთ უდანაშაულო ადამიანზე ასეთ უკანონობასა და სიყალბეს? აღარაფერს ვიტყვი დანარჩენ ორ რესპოდენტზე, რომლებიც ჩემი რაიონის - დედოფლისწყაროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრები არიან... მე მართლა მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენს საშინელ გადაცემაში გამოიყენეთ რესპოდენტების სტატუსით და სიყალბე დაამოწმებინეთ!
შემდეგ ურცხვად აგრძელებთ გადაცემას და ამბობთ, რომ თამაზაშვილი იყო ნომერ პირველი კრიმინალი, ადამიანების გატაცებაში, ნარკობიზნესში მხილებული პოლიციელი. ისე „ოსტატურად“ დამახინჯებულად, აკრძალული წესებით წარმოაჩენთ თამაზაშვილის პიროვნებას, რომ აშკარაა - გააფთრებული ცდილობთ საზოგადოების ცნობიერებაზე მოახდინოთ ზეგავლენა და დაარწმუნოთ მაყურებელი იმაში, რომ თამაზაშვილი არის კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში „არაადამიანი“, ვიღაც არამიწიერი არსება - მონსტრი, მკვლელი, რომლის ბრალიც ყოველი უბედურება ყოფილა, რაც იმ დროს კახეთში ხდებოდა და აი, შემდეგ მოვიდა ნანატრი „ვარდების რევოლუცია“ (რომლის, ერთ დროს მეც გულუბრყვილოდ მჯეროდა...) და გაათავისუფლა კახეთი თამაზაშვილისგან...
ისიც არ გამიკვირდებოდა კიდევ უფრო მეტი დაგებრალებინათ თამაზაშვილისთვის, აი, მაგალითად მისთვის დაგებრალებინათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების დაწყება და ტერიტორიების დაკარგვა, ათასობით ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობა, საერთაშორისო დონის ტერორისტობა, მსოფლიო ნარკობარონობა, ან იგივე მე-2 მსოფლიო ომის დაწყება, კიდევ ცოტასაც თუ მოინდომებდით პირველ მსოფლიო ომის დაწყებასაც, ან უდანაშაულო მოქალაქეების განადგურებას, ან თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასა და ათასობით ქართველი ჯარისკაცების დახოცვას დააბრალებდით... თქვენი და თქვენი „დამკვეთების“ ამორალურ, უზნეო ფანტაზიას ხომ საზღვარი უბრალოდ არ აქვს, თქვენ ნამდვილად „გენიოსები“ ხართ... პირადად ჩემში ეს ყველაფერი ღიმილს იწვევს, თუმცა თამაზაშვილის ოჯახის წევრებისთვის , მისი მცირეწლოვანი შვილისა და შვილიშვილებისთვის მორალურად ძალიან მტკივნეულია და რთულია, თქვენი და თქვენი „დამკვეთების“ ასეთი უპასუხისმგებლო უზნეო საქციელით ადამიანების მორალურ მკვლელობას ახდენთ!
ახლა დროა, ცოტა რამ სიმართლე გითხრათ და აგიხსნათ (თუმცა ისედაც ძალიან კარგად იცით ალბათ...) თუ რა ხდებოდა კახეთში იმ დროს, როდესაც ჩემი სიმამრი იყო სამხარეო პოლიციის უფროსი 1996-2001 წლებში და საერთოდაც, ვინ არის ნამდვილი თამაზაშვილი და არა თქვენს მიერ სრულიად არაარგუმენტირებულ, „აბსტრაქტულ ფაქტებზე“ დაყრდნობით გამოგონილი „კლონირებული“ თამაზაშვილი: თქვენ თუ არ იცით, (თუმცა ნამდვილად მეეჭვება!) საზოგადოების რეალურად ინფორმირებულმა ნაწილმა კარგად იცის, რომ იმ დროს პანკისის პრობლემას ერთი კაცი - თამაზაშვილი ვერ მოაგვარებდა, თუ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნება არ იქნებოდა, მაშინ ხეობაში შეიარაღებული კრიმინალები იყვნენ გამაგრებული და ურთულესი მდგომარეობა იყო.
ერთადერთი, ვინც ხეობაში დაბანაკებული კრიმინალების წინააღმდეგ წარმატებულ ოპერაციებს ახორციელებდა იყო ჩემი სიმამრი თამაზაშვილი! სხვათაშორის, სწორედ თამაზაშვილი მიიწვიეს სპეციალურად უკვე 2003 წელს საბოლოო სპეც-ოპერაციების ჩატარების დროს, ანუ მაშინ როდესაც ჩემი სიმამრი უკვე აღარ იმყოფებოდა სამხარეო პოლიციის უფროსის პოსტზე, სწორედ თამაზაშვილის მიერ იქნა შეტანილი უდიდესი წვლილი სამოქმედო გეგმის შედგენა-განხორციელებაში. მანამდე, ერთადერთი, ვინც პანკისელ კრიმინალებს თავდაუზოგავად ებრძოდა და იჭერდა, იყო თამაზაშვილი.
გაინტერესებთ ვინ ხვდებოდა და მეგობრობდა ცნობილ პანკისელ ე.წ. „ნარკობარონებთან“? დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები - „ნაციონალები“, რომლებიც დღესაც ძალიან ცნობილი სახეები არიან... მათ აწყობდათ პანკისის თემით გამოდმებით სპეკულირება, სწორედ რომ ე.წ. პოლიტიკოსები იყვნენ კორუფციულ გარიგებაში ადგილობრივ კრიმინალებთან და ისინი ალაპარაკებდნენ ყოველგვარ სიბინძურეს თამაზაშვილზე. ელემენტარული ლოგიკაა, რომელსაც 5 წლის ბავშვიც კი მიხვდება - ადამიანზე (ანუ ამ შემთხვევაში თამაზაშვილზე) ნარკორეალიზატორები და სხვა საშიში კრიმინალები კარგს რატომ იტყოდნენ მასზე, მითუმეტეს მაშინ როდესაც თამაზაშვილი იყო კრიმინალების დაუძინებელი მოწინააღმდეგე მტერი და მათი კრიმინალური საქმიანობის ხელისშემშლელი.
სად არის აქ თქვენი ლოგიკა და სამართალი? ნუთუ არ გესმით, რომ სწორედ, ზოგიერთ პოლიტიკოსებს არ აწყობდათ რეგიონში, კრიმინალებთან მებრძოლი პრინციპული თამაზაშვილი და ამის გამო ისინი არ იშურებნენ ყოველგვარ ძალისხმევას იმისათვის, რომ თამაზაშვილი მოეცილებინათ რეგიონიდან, რადგან მათ სჭირდებოდათ რომელიმე მათ მიერ მართული სუსტი სამხარეო პოლიციის უფროსი, რაც მათ მეტი თავისუფალი მოქმედების საშუალებას მისცემდათ.
ეს ადამიანები თამაზაშვილს ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებაში გამუდმებით უშლიდნენ ხელს და ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ მას, ათას ჭორსა და მათთვის ხელსაყრელ თუმცა თამაზაშვილისა და ზოგადად, საქმისთვის საწინააღმდეგო ინფორმაციებს ავრცელებდნენ. ინფორმაციისთვის, მხოლოდ სამ თვეში 100-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დაიჭირა თამაზაშვილმა, მათ შორის ცნობილი ნარკომოვაჭრეები და კრიმინალები - ხანგოშვილები, ჭიჭიაშვილი და ბალარჯიშვილი, რომლებიც სხვათაშორის, სასამართლომ გაათავისუფლა. ამაზე თამაზაშვილი ღიად საუბრობდა ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ის კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო და მას შემდეგაც, როდესაც მოქმედი გენერალი იყო და სამინისტროში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა.
თქვენი ინფორმაციისთვის: მან ერთ-ერთ ინტერვიუში თხოვნით მიმართა გაზეთ „ქრონიკის“ ჟურნალისტს დაეწყოთ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება თუ რატომ ხდებოდა მის მიერ დაკავებული კრიმინალებისა და ნარკორეალიზატორების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება. იცოდით ამის შესახებ ბატონო დავით? ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა! წარმოიდგინეთ, იმ დროს მოქმედი პოლიციის მაღალჩინოსანი ღიად საუბრობდა სასამართლოში არსებულ კორუფციაზე! ბატონო დავით, დღეს დამისახელეთ თუნდაც ერთი ფაქტი იმის თაობაზე, რომ რომელიმე, არათუ მაღალჩინოსანი არამედ ჩვეულებრივი რიგითი პოლიციელი, რომელიმე სახელმწიფო უწყებაში არსებულ კორუფციაზე ასე ღიად საუბრობდეს! ვერ დამისახელებთ! ვინაიდან დღეს პოლიცია, ჯარი და მთელი სახელმწიფო სტრუქტურები პოლიტიზირებულია და ადამიანებს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება აქვთ წართმეული! ზემოთ მოყვანილი ფაქტების გადამოწმების მიზნით, შეგიძლიათ გადახედოთ შსს-ს არქივებსა და თამაზაშვილის იმდროინდელ საგაზეთო ინტერვიუებს (გაზეთ ალიასა და ქრონიკაში).
თამაზაშვილი არის ის ნამდვილი და ღირსეული პოლიციელი, რომელმაც მთელს კახეთში, პირადად, უშუალო ხელმძღვანელობით ჩაატარა ათეულობით წარმატებული ოპერაცია და მთელი რეგიონი გაწმინდა უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისგან! როდესაც ამბობთ, რომ თამაზაშვილის სახელი უკავშირდება ადამიანების გატაცებებს, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ სწორედ თამაზაშვილი იყო ის, ვინც „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გადატაცებული იყო პანკისის ხეობაში, მძევლობიდან დაიხსნა? სხვათაშორის, მიხეილ სააკაშვილმა, იუსტიციის მინისტრობის დროს თამაზაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წარმატებული ოპერაციისთვის... (თუ არ ვცდები, მაშინ სააკაშვილის ოჯახის ახლობლებს თუ ნათესავებს გარკვეული პრობლემა ჰქონდათ პანკისში, რომელიც თამაზაშვილმა გადაწყვიტა!) შეგიძლიათ ამის არქივიც ამოწიოთ და ნახოთ... ეს ყველაფერი ნუთუ არ იცოდით ბატონო დავით? ნუთუ ისიც არ იცით, რომ თქვენ ასეთი ბინძური, ცილისმწამებლური გადაცემა ასე უსამართლოდ მოამზადეთ პოლიტპატიმარ თამაზაშვილზე?
რაც შეეხება თქვენს დანარჩენ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თამაზაშვილი „სერიოზულ“ ქონებას ფლობს თავის რაიონში! ეს უბრალოდ სასაცილოა და კიდევ ერთხელ სამარცხვინოა თქვენთვის! აქაც მოიტყუეთ ბატონო დავით, ამ ნაწილშიც შეგნებულად შეეცადეთ შეცდომაში შეგეყვანათ მაყურებელი და დაგერწმუნებინათ თამაზაშვილის „კორუმპირებულობაში“. ჩამოთვლილი ქონებების ნუსხა არ შეესაბამება სიმართლეს! ყველამ და მითუმეტეს დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის თუ რამდენად სუფთა ადამიანია თამაზაშვილი და რა „სერიოზული ქონება“ აქვს მას.
ორიოდე სიტყვით ჩემი სიმამრის უკანონო, უსამართლო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით: ამაზე ბევრს არ გეტყვით, საზოგადოებამ ამ დაკავებასთან დაკავშირებით ისედაც ყველაფერი უკვე კარგად იცის. დაე თქვენც „იცოდეთ“ ახლა, რომ დღეს ჩემი სიმამრი მძევალია და ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, ის დღეს პოლიტპატიმარია! ხოლო, თქვენ და თქვენი ასისტენტი უსირცხვილოდ იმეორებთ პროკურატურის მიერ „შეთითხნილ“ საქმეს და დატყვევებული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ჩადებული იარაღების ნუსხას!
გადაცემის ბოლოს თქვენ ისევ ცრუობთ და ტყუილს ამბობთ, რომ თითქოს მას შემდეგ, რაც თამაზაშვილი თბილისში გადმოიყვანეს რესპუბლიკის საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილედ, მან სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა ზარალი 300 000 ლარის ოდენობით და რომ თითქოს 2004 წელს „კორუმპირებული გენერალი“ ციხეში მოხვდა. რა თქმა უნდა ესაც კიდევ ერთი სიყალბე თქვენი მხრიდან. თამაზაშვილი არ მოხვედრილა ციხეში და მას არავითარი ზარალი არ მიუყენებია თავისი ქვეყნისთვის, მას არასოდეს არ უღალატია თავისი სამშობლოსთვის - პირიქით, იგი, როგორც ერთ-ერთი ღირსეული რიგით ჯარისკაცი, მუდამ თავდაუზოგავად იცავდა და ემსახურებოდა თავის ქვეყანას, თავისი ქვეყნის ინტერესებს, თავის ხალხს! ცნობისათვის: გენერალი თამაზაშვილი არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით, ღირსების ორდერით, მხედრული მამაცობის მედლით, მას მინიჭებული აქვს შსს-ს დამსახურებული მუშაკის წოდება, 45-ჯერ არის დაჯილდოებული შსს-ს მადლობებითა და სიგელებით!
ასე რომ, თქვენ, ბატონო დავით, არათუ სამართლებრივად, არამედ უბრალოდ მორალური უფლებაც კი არ გაქვთ, რომ მსგავსი უსაფუძვლო, ყოველგვარ ფაქტებს მოკლებული უმძიმესი ბრალდებები წაუყენოთ ასეთ უდანაშაულო პატრიოტ ადამიანს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის დღეს პოლიტპატიმარია! თქვენ, ადამიანს ცილს სწამებთ საშინელ დანაშაულებებში, მისი უმძიმესი ბრალდებულებები ჩამოთვალეთ ასე უსირცხვილოდ, თქვენ მიზანმიმართულად თამაზაშვილის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახველი დეზინფორმაციული გადაცემა გაუშვით და თამაზაშვილის ოჯახს მიაყენეთ უდიდესი მორალური ზიანი, რისთვისაც მე, ირაკლი ღარიბაშვილი, თქვენ აუცილებლად გიჩივლებთ სასამართლოში!
P.S. პატივისცემით,
ირაკლი ღარიბაშვილი