„სახალხო კრების“ აღმასრულებელo საბჭოს და „სახალხო კრების“ დარბაზის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა სასტუმრო „ვერე პალასში“ გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც სახალხო კრების წარმომადგენელმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, ეს შეხვედრა ჩვეულებრივი სამუშაო ფორმატის იყო, სადაც 21-26 მაისს, დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ისაუბრეს.
„კრების წარმომადგენლებმა ერთმანეთს 21-26 მაისს, დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ. ერთმანეთს გავაცანით რას და როგორ ვაპირებთ. იდეები შევაჯერეთ ამის შესახებ ინფორმაცია კი მოგვიანებით მოგეწოდებათ“ ,- განაცხადა გაფრინდაშვილმა, თუმცა კონკრეტულად რა განიხილეს და რა დაიგეგმა ამასთან დაკავშირებით სახალხო კრების წარმოამდგენელს კომენტარი არ გაუკეთებია.
წინასწარი ინფორმაციით, 21 მაისს სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს და დარბაზის წევრთა შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გაიმართება. დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრა, ხოლო 26 მაისს სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს დაღუპულებს პანაშვიდს გადაუხდიან, ცოცხლებისთვის კი - პარაკლისი ჩატარდება.