“ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ხელის შეშლაზე „ქართუ ბანკის“ მხრიდან, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლამენტში საუბრობს, წარმოადგენს „ეროვნული ბანკის“ მოთხოვნას, რომელიც მთელ მსოფლიოში უპრეცენდენტოა.
„ჩემი ღრმა რწმენით ჩვენ ეროვნულ ბანკს“ ხელს არაფერში არ ვუშლით, პირიქით. მათ ისევ დაგვიყენეს საკითხი-ჩაგვირთეთ საოპერაციო დღე, ეს არის მსოფლიოში უპრეცენდენტო მოთხოვნა. ჩვენ უარს ვეუბნებით და რაში ვუშლით ხელს, ვერ ვხვდები. ვეუბნებით, თუ დაკვირვება გინდათ, ჩვენ მოგცემთ ამის საშუალებას, მაგრამ მათი მოთხოვნის პრეცენდენტი მსოფლიოში არ არსებობს. ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ორგანოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები გაწერილია ნებისმიერ ორგანულ კანონში, ამ შემთხვევაში „ეროვნული ბანკის“ ორგანულ კანონში. ისინი მხოლოდ თავის უფლებებს კითხულობენ და არც მას კითხულობენ სწორად, იქნებ ვალდებულებებიც წაიკითხონ. მაგალითად, უკანონოდ რომ დაგვაქციეს და ახლა ის კანონი უკან წაიღეს, ისინი ვალდებულნი იყვნენ ჩვენ დავეცავით, როდესაც თავს დაგვესხნენ და მათი მონაწილეობით წაგავრთვეს ფული,“ ეროვნული ბანკი“ ჩვენი უფლებების სადარაჯოზე უნდა დამდგარიყო, მაგრამ არ დადგა, ხელისუფლების ზეწოლით კლიენტურა რომ გაგვიქციეს, ეროვნული ბანკი ვალდებული იყო ჩვენი დაცვა განეხორციელებინა.
მე ვესაუბრე ბანკის ვიცეპრეზიდენტს და ვუთხარი, დავალება, რომელიც არ არის ორდინალური და რომელსაც არ აძლევთ ყველა ბანკს, კეთილი ინებეთ და გამოგვიგზავნეთ ოფიციალურად, მე შევასრულებ ამ მოთხოვნას, ან დაგიბრუნებთ პასუხს. მათ წერილი გამოგვიგზავნეს, ჩვენ პასუხი დავუბრუნეთ და ახლაც ველოდებით მათგან პასუხს. იმაზე, რაზეც „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლამენტში საუბრობს, მე ჯერ კიდევ დეკემბერის ბოლოს ვსაუბრობდი. გავუგზავნე წერილი ეროვნული ბანკის უმაღლეს ორგანოს, სადაც განვუცხადე, რომ „ეროვნული ბანკი“ სწორად არ იქცევა და გთხოვთ ჩაერიოთ, პასუხი არ მიმიღია. რას ნიშნავს, როცა ეროვნული ბანკი პასუხს არ აძლევს კომერციულ ბანკს?“,-აცხადებს ჯავახიშვილი.
რაც შეეხება გიორგი ქადაგიძის რჩევას, რომ ნოდარ ჯავახიშვილმა უმჯობესია პოლიტიკაში გააგრძელოს მოღვაწეობა, ჯავახიშვილი პასუხობს, რომ ქადაგიძეს ურჩევნია პროკურატურაში გააგრძელოს საქმიანობა. „მეც ბოდიშის მოხდით ვურჩევ ბატონ გიორგის დაბრუნდეს პროკურატურაში, იქ უფრო არის ასეთი თანამშრომელი საჭირო“,-ურჩევს „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტს.