წყნეთში მცხოვრებ დევნილებს რვეულის ფურცელზე დაწერილი ქვითრები მოუვიდათ. როგორც წყნეთში მცხოვრები დევნილები აცხადებენ, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადს მათ განმრიცხველიანების გარეშე ახდევინებენ. მათი თქმით, დიდი ხანია ჰპირდებიან, რომ ელექტროენერგიის შეღავათები განმრიცხველიანებამდე შეუნარჩუნდებოდათ, რადგან პირველი იანვრიდან დღემდე, საერთო მრიცხველებზე ძალიან მაღალი დავალიანებები დაუგროვდათ, მაგრამ პროცესი დღემდე არ დაწყებულა.
"ჩვენ ვიცოდით, რომ ბინების დაკანონების შემდეგ, ელექტროენერგიის შეღავათები მოგვეხსნებოდა, თუმცა ამასობაში განმრიცხველიანება უნდა მომხდარიყო და გვეცოდინებოდა, რას ვიხდით და ვის ვუხდით. ახლა კი დევნილების ნაწილმა მიიღო ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, რომ გადაინაწილონ, ძველი, საბჭოთა მრიცხველებით დაწერილი თანხები, რომელთა უმეტესობა მწყობრიდან არის გამოსული. ზოგს კი დაურიგდა რვეულის ფურცელზე დაწერილი ე.წ. ქვითრები, სადაც ელექტროენერგიაზე დამატებულია ნაგვის გადასახადიც და იქვე მითითებულია ანგარიშის ნომერი", – აცხადებენ დევნილები და დასძენენ, რომ ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ყოველდღიურად პრეზიდენტისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ისმენენ.
ისინი იურიდიულ დადასტურებას მოითხოვენ, რომ კონკრეტულმა პიროვნებებმა ეს თანხები მართლაც უნდა გადაიხადოს და იგი კონკრეტულ ადრესატამდე ნამდვილად მივა.
დევნილები არ გამორიცხავენ, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსების განმრიცხველიანებულთა სიაში მოხვედრა, გაუგებრობის ბრალი იყოს და ხელისუფლებას საკითხის დროულად გარკვევას სთხოვენ.