შსს: ანტიტერორისტული კომიტეტის ბრალდება საქართველოს სპეცსამსახურებსა და დოკუ უმაროვის კავშირზე ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია

შსს: ანტიტერორისტული კომიტეტის ბრალდება საქართველოს სპეცსამსახურებსა და დოკუ უმაროვის კავშირზე ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია

 

საქართველოს შსს-მ  რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც  რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა საქართველოს სპეცსამსახურებს დოკუ უმაროვთან კავშირის ბრალდება წაუყენა, სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„10 მაისს, რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადება, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა იარაღის ათი საცავი და დაკავებული იქნა ტერორისტული დაჯგუფების სამი წევრი.  განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირები ქართული სპეცსამსახურების დახმარებით, გეგმავდნენ 2012 წლიდან 2014 წლამდე აღნიშნული შეიარაღების სოჭის მიმართულებით გადატანას და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის მიზნით რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ აღნიშნული ბრალდება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, ისევე როგორც რუსეთის სხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წარსულში გაჟღერებული მსგავსი ბრალდებები. აღნიშნული განცხადებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო თანამეგობრობა და მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია რეგიონში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ უკანასკნელ პერიოდში სწორედ რუსული სპეცსამსახურების მიერ, ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ტერორისტული და დივერსიული აქტის განხორციელების მცდელობას, რომელთა უმეტესობაც წარმატებით იქნა აღკვეთილი. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვა და განხორციელება ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას თავის შეიკავოს პროვოკაციული განცხადებებისგან და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს ტერორისტული აქტების გამოძიებაში“,-ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.